ბექა ოდიშარია - მაღალრეიტინგული მაუწყებლების დასანქცირება ნიშნავს ძალადობას მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე, ქართველები ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას

ბექა ოდიშარია

თავისუფალი სიტყვის სანქცირება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ მისი უდიდესი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს „პოსტივის“ და „იმედის“ ჟურნალისტებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

ბექა ოდიშარია აღნიშნავს, რომ მაღალრეიტინგული მაუწყებლების დასანქცირება ნიშნავს ძალადობას არა კონკრეტულ მაუწყებლებზე, არამედ მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე.

„უბინძურესი ენით მაუწყებელი ე.წ. ტელევიზიის დამფუძნებელს, ყოფილ დამნაშავე პროკურორს რომ აჯილდოებ და ყველაზე ყურებად, მაღალრეიტინგულ, ანუ აუდიტორიისგან მაღალი ნდობით მოსარგებლე მაუწყებლებს ასანქცირებ, ცდილობ, სასუნთქი გზები გადაუკეტო, რას ნიშნავს?! ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – ძალადობას (!) არა კონკრეტულ მაუწყებლებზე, არამედ მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე, რომელსაც არ სურს რადიკალური ოპოზიციის და ძებნილი, შარაგზის ყაჩაღების მიერ დაფინასებული პარტიული ტელევიზიების სიცრუის ტყვეობაში ყოფნა!

ქართველები ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას(!) და მათ კარგად ახსოვთ ის დრო, როდესაც სულ ახლო წარსულში დამნაშავე პროკურორის და მის ბანდ-პარტიის წევრები როგორ აყადაღებდნენ ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტურ თეფშებს, ისიც, როგორ ხურავდნენ ტელევიზიებს ნიღბიანი, „ქსივიანი“ მოძალადეები, მათ შორის „ტვ იმედს“. არ მსურს, დავიჯერო, რომ 2026-ში ეს ჩვენი დასავლელი მეგობრების ხელით კეთდება!!!“ – წერს ბექა ოდიშარია.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთს კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.

ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კი ელჩთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩისგან ვერ მოისმინა არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა ლონდონის გადაწყვეტილებას. „მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.