პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოში თურქეთიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდებოდა.
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მთავრობამ თებერვალში ახალი რეფორმაც დაიწყო, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავდა მიზნად.
თუმცა, მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა. კომპანიების ნაწილმა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იმავე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა.
ჯანდაცვის უწყებამ წამლების გაძვირების პარალელურად, ღიად დააფიქსირა ეჭვი, რომ ფარმაცევტული კომპანიები, შესაძლოა, შეთანხმებით მოქმედებდნენ. მალევე გავრცელდა მთავრობის დადგენილებაც.
„წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს, ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო მზად არის, მოკვლევის პროცესში ჩაერთოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება“,- აცხადებდნენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მთავრობის რეაქციიდან რამდენიმე საათში, ფასები ძველ ნიშნულზე დაბრუნდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული მიმართულებებით კონტროლის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო პაკეტი უკვე მზად არის.
„უკვე მზად გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, თუ რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ სხვადასხვა კანონსა და ნორმატიულ აქტებში, რათა კიდევ უფრო კარგად იყოს დარეგულირებული როგორც ფარმაცევტული, ასევე ჰოსპიტალური მიმართულებები. უფრო მკაცრი კონტროლი იყოს როგორც ხარისხის, საბიუჯეტო ხარჯების, ასევე ფარმაცევტული ბაზრის უფრო კარგი მონიტორინგის კუთხით. ძალიან მალე პარლამენტში იხილავთ ცვლილებების პაკეტს, რომელიც მოაგვარებს ყველა პრობლემას, რაც დაკავშირებულია კონტროლთან და მონიტორინგთან“,- განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, რეგულირების სააგენტოს ბაზაში აფთიაქების ნაწილია ჩართული და გაურკვეველ ვადებს ითხოვენ. თუმცა, მისივე თქმით, გადავადება აღარ იქნება, რადგან ყველანაირი გონივრული ვადა გასულია.
„რეფერენტულ ფასებთან ერთად, 15 მარტიდან ასევე ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება ფარმაცევტული კომპანიებისთვის მედიკამენტების ბაზის გახსნას, რომლის მიზანია, მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ბაზარი, არაფერი დასამალი არ უნდა იყოს. რეფერენტული ფასის ფარგლებში უნდა ხდებოდეს გაყიდვა. დღეს ვართ ეტაპზე, როდესაც ყველანაირი გონივრული ვადა, საშეღავათო პერიოდი ამოწურულია და უკვე საკმაოდ მკაცრად დავიწყებთ გაკონტროლებას.
ისევ არის კანონში ჩანაწერი, რომ პირველ შემთხვევაზე შეიძლება გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, შემდეგ შემთხვევებზე საკმაოდ დიდი ჯარიმებია. შესაძლოა, 5 000 ლარიდან 35 000 ლარამდე ავიდეს. ბაზების გახსნასთან დაკავშირებით შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ, სამწუხაროდ, მხოლოდ აფთიაქების ნაწილი არის ჩართული. ისევ რაღაც გაურკვეველ ვადებს ითხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის ბოლოს, როცა პარლამენტში კანონი შევიდა და ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს სავალდებულო გახდებოდა, ზოგიერთი ამბობს, რომ ისევ მზად არ არიან და ორ-სამ თვეს ითხოვენ.
არანაირი გადავადება არ იქნება. ყველანაირი გონივრული ვადა გასულია. ჩვენგან ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდათ. ჩვენი აიტი სააგენტო ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს იყო მზად, რომ სისტემაში მათი ინტეგრაციები გაეკეთებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი დღესაც არღვევს ამას, არ არის ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში და მოგვიწევს შესაბამისი გაფრთხილების მიცემა და დაჯარიმება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, 18 მარტიდან დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა რეფერენტული ფასი. საერთო ჯამში კი ფასის ზედა ზღვარი 1 100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება. მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა.
აღსანიშნავია, რომ ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა, მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.