გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა - სამივე მათგანმა ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. სისხლდენა, კახექსია, კლინიკური შოკი - სიცოცხლისთვის შეუსაბამო სიმპტომები პაციენტებს ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ განუვითარდათ. ქართველ ექიმებს პაციენტების ხელმეორედ გაკვეთა მოუწიათ. ნანახი კი ქირურგებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.
გადაცემის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, ჩვენ დაგვიკავშირდნენ ადამიანები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ თურქეთში კუჭის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთეს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდათ. ბოლო პერიოდში კუჭის დაპატარავების ოპერაციებმა მნიშვნელოვნად მოიმატა - რა არის ამის მიზეზი.
"დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს," - მისი შვილი 36 წლის ოთარ გოთოშია, კუჭის ოპერაციის მსხვერპლია. ის თურქეთში ჩატარებული ბარიატრიას შემდგომი გართულებით გარდაიცვალა
იმისთვის, რომ თურქი ექიმი კუჭის ოპერაციაზე დაეთანხმებინა 10 კილო განგებ მოიმატა. ოპერაციიდან მესამე დღეს სამსუნის კლინიკიდან საქართველოში საკუთარი მანქანით დაბრუნდა. თბილისში ჩამოსვლამდე უკვე ქუთაისში შეუძლოდ გახდა.
"ჰაერი არ მყოფნისო, გული მტკივაო, ჭრილობა მტკივაო, დარბოდა და ვერ ვშველოდი, რაღაც გამაყუჩებელი გამომატანესო, ის დალია და თითქოს მიყუჩდა, მაგრამ ვერ იძინებდა, მერე ნემსი გაუკეთეს, დაამატეთო, დაამატეთო, აღარ უყუჩდებოდა. თურმე კუჭს დაუწყია ლპობა. ექიმმა გაჭრა და ნახა. დაითრომბა, წავიდა ინფექცია, მერე თირკმელი გაუჩერდა, მისი პატარა გული გაუჩერდა და ასე მომიკლეს შვილი, თითქოს ჩიტი მოკვდა. მე შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ," - ამბობს გარდაცვლილის დედა.
ბარიატრიული ქირურგიის აგრესიული რეკლამის წყარო სოციალური ქსელია. სწორედ ამ პლატფორმაზე ხდება ქართველი პაციენტების შეგროვება. კლინიკაში, სადაც ოთარ გოთოშიას ოპერაცია გაუკეთეს, მითითებულ ნომერზე არ გვიპასუხეს, ამიტომ მის ქართველ წარმომადგენელს დავუკავშირდით.
"პაციენტი როდესაც გავწერეთ იყო სრულიად ჯანმრთელი. ჩემგან ამაზე საუბარი არასწორია. კლინიკასთან დაგაკავშირებთ და იმათ გაესაუბრეთ," - ამბობს თურქული კლინიკის ქართველი შუამავალი.
"კურიერ P.S.-ის" ჟურნალისტი კლინიკასთან არ დააკავშირეს.
თურქეთში ჩატარებული ოპერაციის გართულებით, პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს.
"რაც ჩვენ ვნახეთ, მოჭრილი კი არა, პირდაპირ მოგლეჯილი იყო კუჭი. დაიწყო ნეკროზი, გაიხსნა მთლიანად კუჭი. ჩაუტარდა ყველაფერი, მათ შორის ოპერაციები, ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სეფსისიდანსამწუხაროდ ვერ გამოვიყვანეთ და პაციენტი რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ანალოგიური შემთხვევა იყო სხვა კლინიკებში. დღესდღეობით საქართველოში 8 პაციენტი არის, რომელიც გადის სტაციონარულ მკურნალობას გართულებებით. ძალიან ბევრი იყო, რომლებსაც უარი ვუთხარით ოპერაციაზე, გაუკეთეს მათ ოპერაცია თურქეთში, არიან ცუდად. წინა თვეში 4 პაციენტი დავუბრუნე უკან კლინიკებში: ორი კახეკსიით, ერთს ჩვენ ჩავუდგით სტენოზი. წყლულებით წვანან პაციენტები, სისხლდენებით. ფორმა 100-ები რომ ნახოთ, იქ წერია მხოლოდ ოპერაციის დასახელება, პრაქტიკულად, მეტი არაფერი," - აცხადებს ქირურგი დავით აბულაძე.
რა ეწერა თურქული კლინიკის ფორმა 100-ში, ხაჭაპურიძეების ოჯახმა მას შემდეგ შეამოწმა, რაც პაციენტი პოსტოპერაციული გართულებით დაიღუპა. 57 წლის ხვიჩა ხაჭაპურიძე, სამსუნის კლინიკიდან, ოპერაციიდან მესამე დღეს გაწერეს. პაციენტმა ოპერაციის შემდეგ, ავტობუსით, კლინიკის ქართველ შუამავალთან ერთად იმგზავრა.
ქართველ ექიმებს გადაღებული აქვთ პოსტოპერაციული გართულებები, თუ რა მდგომარეობაში იყო ჭრილობა.
ამ ოპერაციას ატარებენ საქართველოშიც, გართულებებისგან დაზღვეული პაციენტები არც აქ არიან.
ე.წ. კუჭის დაპატარავება ბოლო პერიოდის ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა. ის, ჭარბი წონისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, უკიდურესი გამოსავალია, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ოპერაციად ითვლება.