1753301989
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში ქართველი მზარეულები საფრანგეთში პრესტიჟულ კულინარიულ სკოლაში გადამზადდნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩია.
გამარჯვებულებმა საფრანგეთში, 2 კვირის განმავლობაში, კერძების მომზადების პრაქტიკული სწავლება გაიარეს, დაეუფლნენ ახალ ტექნოლოგიებს, გაეცნენ მსოფლიო უახლეს ტენდენციებს სამზარეულოს აღჭურვისა და მართვის კუთხით.
კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ორკვირიანი სასწავლო პროგრამა ფერანდის სკოლაში, საფრანგეთში დასრულდა. ჩვენ ჩამოყვანილი გვყავდა 10 მზარეული. კურსის მონაწილეები თანამედროვე ტრენდებს გაეცნენ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ განავითარონ ქართული გასტრონომია. ტურიზმისთვის გასტრონომია ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით გასტრონომიის განვითარებას, ვმონაწილეობთ, სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში და ვფიქრობ, ეს პროექტი ერთ-ერთი წარმატებული იქნება, მზარეულები თავიანთ კვალს დატოვებენ ქართულ გასტრონომიაში, უმასპინძლებენ ძალიან ბევრ საერთაშორისო მოგზაურს და შეძლებენ ქვეყნის პრეზენტაციას“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
„ჩვენ ვზეიმობთ 10 ახალგაზრდა მზარეულისთვის სერტიფიკატის გადაცემას.
ისინი ფერანდის კულინარიულ სკოლაში ჩამოვიდნენ, რომ შეესწავლათ ტექნიკა, საფუძვლები, ფრანგული და ხმელთაშუაზღვის სტილი. ვფიქრობ, ეს დიდ სარგებელს მოუტანს ამ ნიჭიერ ახალგაზრდა მზარეულებს.ეს ჯგუფი მართლაც ძალიან გამორჩეულია.
ქართველ მზარეულებს შეუძლიათ ფრანგული ტექნიკა გამოიყენონ საქართველოში. არ ვამბობ, რომ ქართველმა შეფებმა უნდა დაივიწყონ თავიანთი იდენტობა. მათ უნდა შეინარჩუნონ ქართული მემკვიდრეობა, უბრალოდ მსუბუქად შეაზავონ ის ფრანგულ ტექნიკასთან. საქართველო ნამდვილად შესანიშნავია და დიდი მომავალი აქვს გასტრონომიაში. საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი კულინარიული და მეღვინეობის ტრადიცია აქვს. მქონდა საშუალება ორჯერ ჩამოვსულიყავი საქართველოში ფერანდის შეფთან ერთად და ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ უკვე აკეთებთ შესანიშნავ საქმეს“, - აცხადებს კულინარიულ სასწავლებლის Ferrandi Paris-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლა გაიარი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი ხელს შეუწყობს მზარეულებს, რომ ქართული კულინარია კიდევ უფრო განვითარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.