დაუჯერებელი სასწაული, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა

დაუჯერებელი სასწაული

ნაძალადევის რაიონში, ხიმშიაშვილის #11-ში ეზოს შუაგულში ქვის ლოდი დგას, რომლის წინ ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული და კანდელი ანთია. ამ ქვის ადგილას 1905 წელს, 19 წლის გოგონა, ანასტასია ჩაიმუხლა და გარდაცვალებამდე - 65 წლის განმავლობაში აღარ გამართულა...

ანასტასია საზანოვა 1886 წელს დაიბადა. დედა პატარას გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა. გოგონა ეკლესიურად ცხოვრობდა და სახლთან ახლოს მდებარე, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა. სლავური გარეგნობის ანასტასიას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მან ღარიბ ოფიცერზე შეაჩერა არჩევანი და მასზე დანიშვნაც გადაწყვიტა, მაგრამ დედინაცვალმა ეს არ მოუწონა და გადაწყვიტა დაეშორებინა საქმროსათვის.

1905 წელს, პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ანასტასიას საქმროც გაიწვიეს. ოფიცერი მასთან სახლში, გამოსამშვიდობებლად მივიდა, მაგრამ დედინაცვალმა უთხრა, -ანა ჭკუიდან შეიშალა, გაკოჭეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანესო. სასოწარკვეთილმა ოფიცერმა იარაღი ამოიღო და ადგილზევე მოიკლა თავი.

ამ დროს ანასტასია წირვაზე იმყოფებოდა. სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი იხილა, მუხლებზე დაეშვა და იმ დღიდან მლოცველად დაეყუდა. მას სურდა, თვითმკვლელის სულისათვის ელოცა. 

მუხლებზე მდგომ ანასტასიას დედინაცვალი საშინლად ექცეოდა, ზამთარში ღია ცის ქვეშ მყოფს წყალს გადაასხამდა ხოლმე. ერთადერთი პატრონი მისი დისშვილი გიორგი იყო, რომელიც იხსენებდა, რომ ანასტასიას წინასწარმეტყველებისა და სასწაულების მოხდენის ძალა გააჩნდა.

მასთან ხშირად მოდიოდნენ განსაცდელში მყოფი ადამიანები და შეწევნას ითხოვდნენ. ხშირი იყო სასწაულები, განკურნებულან უიმედო ავადმყოფები. დედა ანასტასიას სტუმრებს შორის მაშინდელი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები და მათი ახლობლებიც იყვნენ.

65 წლის განმავლობაში მუხლებზე მდგარ ანასტასიას ბარძაყის ძვალი წვივს შეეზარდა.ამის გამო, გარდაცვალების შემდეგ ის მჯდომარე მდგომარეობაში დაასაფლავეს. ანასტასია გარდაიცვალა 1970 წლის 7 ივნისს 84 წლის ასაკში, თუმცა მასთან დაკავშირებული სასწაულები არ დასრულებულა, მის საფლავს დღესაც უამრავი ადამიანი სტუმრობს შეწევნის სათხოვნელად და სასწაულებიც მრავლად ხდება.

დედა ანასტასია დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე. მის საფლავს ეროვნებით ქურთი, ბატონი რამაზი უვლიდა, რომელიც ამბობს, რომ ამდენი სასწაულების შემხედვარე, ის და მთელი მისი ოჯახი მართლმადიდებლებად მოინათლნენ.