1788242698
„თუ ბავშვს თანდაყოლილი ხმაურიანი სუნთქვა აქვს...“ - პედიატრი მშობლებს აფრთხილებს
„თუ ბავშვს თანდაყოლილი ხმაურიანი სუნთქვა აქვს...“, - პედიატრი თამარ ობგაიძე მშობლებს აფრთხილებს:
„სტრიდორი გამოიხატება ხმაურიანი შესუნთქვით და მას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს ბავშვთა ასაკში, მთავარი და უხშირესი მიზეზი, ეს არის კრუპის სინდრომი. ასევე შეიძლება შეხვდეს ლარინგოსპაზმი ალერგიული დაავადებების დროს და ხორხის უცხო სხეული, რომელიც ასევე გამოიხატება ხოლმე სტრიდორით. არსებობს თანდაყოლილი სტრიდორი და მასაც სხვადასხვა მიზეზი შესაძლოა ჰქონდეს. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება ნაკლებად საფრთხის შემცველი სტრიდორი, თანდაყოლილი სახის, რომელიც გამოიხატება დაბადებისთანავე და რომლის მთავარი მიზეზი გახლავთ რბილი ხორხსარქველი, მისი ნაოჭების ერთმანეთთან ახლოს მდებარეობა, როს გამოც შესუნთქვის დროს ეს ნაოჭები ერთმანეთს ეკვრიან და წარმოიქმნება სპეციფიკური ხმაურიანი სუნთქვა.
როგორ უნდა მივიტანოთ ამაზე ეჭვი? – ბავშვს დაბადებისთანავე ამჩნევთ ხმაურიან სუნთქვას და ეს სუნთქვა გამოიხატება დატვირთვის – კვების, ტირილის დროს, ხოლო ძილის დროს, მოსვენებულ მდგომარეობაში, ბავშვი სუნთქავს ჩვეულებრივად. საბედნიეროდ, გამოსავალი არის დადებითი, რაიმე გართულება მოსალოდნელი არ არის. მისი ინტენსივობა თანდათან მცირდება და საბოლოოდ 2 წლის ასაკისთვის ქრება სრულიად...“, - ამბობს ექიმი.









