1756145280
თუ ADHD გაქვთ, თავი აარიდეთ ამ 6 პროფესიას

ADHD-ის მქონე ადამიანებს ძალიან უჭირთ დასაქმება, რადგან სამსახურებრივი მოვალეობები ხშირად კონფლიქტში მოდის მათ გამოწვევებთან, იქნება ეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება, ფოკუსირება გრძელ შეხვედრებზე, დიდი ხნით მაგიდასთან ჯდომა თუ დედლაინების შესრულება. ამიტომაც მათთვის კონკრეტული პროფესიები მეტად რთული შეიძლება იყოს, რის გამოც ფსიქოლოგები მათი თავიდან არიდებას გვირჩევენ:
მონაცემთა შეყვანა და დამუშავება
ეს საქმე დეტალებზე ყურადღების გამახვილებასა და სიზუსტეს მოითხოვს, რაც განსაკუთრებით რთული შეიძლება იყოს იმ პირებისთვის, რომელთაც ADHD-ის ყურადღების დეფიციტი აქვთ გამოხატული. დიდია ალბათობა, რომ გზადაგზა პატარა შეცდომები დაუშვათ და რადგანაც ეს საქმე სიზუსტეს ეფუძნება, შესაძლოა, თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი არ იყოს.
რედაქტორი
ზემოთ მოცემულის მსგავსად, ესეც დეტალებზე ორიენტირებულობას მოითხოვს. ზოგიერთი ADHD-ის მქონე ადამიანისთვის კი მცირე დეტალებზე ყურადღების გამახვილება, დიდი სურათის ნაცვლად, ნამდვილი ტანჯვა შეიძლება, იყოს. ამგვარად, როცა თქვენი ტვინი მცირე შეცდომების დაშვებისა და დეტალების გამოტოვებისკენ არის მიდრეკილი, რედაქტორობა არ უნდა იყოს თქვენთვის სწორი არჩევანი. ამასთან, სიახლეების სიყვარულის გამო, ეს პროფესია მომაბეზრებლადაც შეიძლება, მოგეჩვენოთ.
ივენთ მენეჯერი
საქმეები, რომლებიც დიდი ღონისძიებების დაგეგმვას მოიცავს, კვლავ დეტალებზე ორიენტირებულობას მოითხოვს. მრავალი დედლაინი უნდა გახსოვდეთ, ბევრი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ, რაც ADHD-ის მქონე პირებს ძალიან უჭირთ, არადა, ამ საქმეში მთავარია… ივენთების დაგეგმვა მრავალ შეხვედრას, გადაწყვეტილებებს და ბიუჯეტირებას მოითხოვს, ეს ყველაფერი კი ADHD-ის დიაგნოზის მატარებელი ადამიანისთვის საკმაოდ რთული შეიძლება, დარჩეს.
შორ მანძილებზე მოსიარულე სატვირთოს მძღოლი
გრძელვადიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე პირებს ავტოსაგზაო შემთხვევების უფრო მაღალი რისკი აქვთ. ეს არც გასაკვირია, რადგან ბევრ ყურადღებასა და საკონტროლო უნარებს მოითხოვს, რაც ADHD-ის მქონე საზოგადოებას ნამდვილად აკლია. შორ მანძილებზე მოსიარულე სატვირთოს მძღოლის პოზიციაზე კი მრავალი გამოწვევის წინაშე დადგებიან — დიდ მანძილზე სიარული, შესაძლოა, არც საინტერესო და არც ვიზუალურად შთამბეჭდავი იყოს. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები კი ყურადღების გაფანტვისა და ჩაძინების მაღალი რისკის ქვეშ არიან.
მომხმარებელთა მხარდაჭერისა და ე. წ. ქოლ ცენტრების სამუშაოები
აქ ერთი და იმავე საქმის კეთება უწევთ, რის გამოც იგი ADHD-ის მქონე პირებისთვის მოსაწყენი შეიძლება, აღმოჩნდეს. თან არ გეცოდინებათ, შემდეგი ვინ დარეკავს, თითოეული ზარი უნიკალური იქნება და მსგავს კითხვებზე პასუხების გაცემა მოგიწევთ, რაც ძალიან მომაბეზრებელი შეიძლება იყოს. თანაც, ამგვარი საქმეების მართვა საკმაოდ მჭიდროდ ხდება, ADHD-ის დიაგნოზის მქონე ადამიანებს კი მსგავსი კონტროლი სულაც არ მოსწონთ. მოკლედ მათთვის ზედმეტად სტრუქტურირებული, მოუქნელი და უნიფორმებით სავსე გარემო ნამდვილად არ არის.
აღსანიშნავია, რომ დაძაბულ თუ კონფლიქტურ სიტუაციებში ემოციების მართვაც უჭირთ, შესაბამისად, თუ მომხმარებელი გაბრაზებული იქნება, მათთვის მომსახურების მართვაც გართულდება…
საოფისე სამუშაოები
სტანდარტული საოფისე სამუშაოები, იქნება ეს ადმინისტრაციული ასისტენტი, ოფისმენეჯერი თუ ბუღალტერი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის საკმაოდ რთული შეიძლება, გამოდგეს. თუნდაც იმიტომ, რომ აღნიშნული მოუსვენრობასა და დიდხანს ჯდომის გართულებას მოიცავს, რაც ზემოთ ჩამოთვლილი პოზიციებისთვის მნიშვნელოვანია. ამ საქმეებს ხანგრძლივი შეხვედრებიც თან ახლავს, რაც მუდმივ ყურადღებას და ძლიერ ორგანიზაციულ უნარებს მოითხოვს… ADHD-ის მქონე პირებს კი უფრო მსუბუქი საქმე სჭირდებათ, ნაკლები ზედამხედველობითა და კონტროლით.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ გარემოსა და ორგანიზაციულ კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს იმაში, იგრძნობენ თუ არა ADHD-ის მქონე ადამიანები სამსახურში თავს კარგად… მით უმეტეს, რომ ADHD-ის გამოცდილება ყველასთვის უნიკალურია და მახასიათებლებიც განსხვავებულად შეიძლება, ვლინდებოდეს.