წყალი 24 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი

ხვალ, 19 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ კომპანია ინფორმაციას ავრცელებს.

„მიმდინარე ეტაპზე განახლებული წყალმომარაგების ქსელი ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე დაერთდება. სამუშაოები პარალელურად, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება - საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N46-ისა და გახოკიძის ქუჩა N163-ის მიმდებარედ. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 19 დეკემბერს, დღის 12:00 საათიდან 20 დეკემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის 1-ელ, მე-2, მე-2ა, მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, სულაქველიძის, თამარ ღვალაძის, მხატვრების, აჩაბეთის, მუსხელიშვილის და კვიპაროსის ქუჩებს, წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევს. ვარკეთილის მასივის მე-4მიკრორაიონის მე- 3 კვარტალს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS- შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.