1790884478
„ცრემლი მომადგა, სიამაყისგან ჟრუანტელმა დამიარა...“ - ქართველი, რომელმაც პილოტის სიცოცხლე იხსნა, ცნობილი კარდიოლოგის შვილია
„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა ქართველი ექიმის, შოთა მუსაევის, ბავშვობის მეგობარი ალა მარზუმანიანი, რომელიც მის ბავშვობაზე, გურჯაანში გატარებულ წლებსა და ოჯახზე გვიყვება.
ალა მარზუმანიანი ემოციურად იხსენებს Flydubai-ს რეისზე განვითარებულ მოვლენებს და შოთას მიერ გამოჩენილ განსაკუთრებულ სიმამაცეს, როცა მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მძიმედ დაჭრილ პილოტს დახმარება გაუწია და თვითმფრინავში მყოფი ადამიანები გადაარჩინა.
„შოთიკო გაიზარდა გურჯაანში, მამამისი იყო ცნობილი კარდიოლოგი, ანზორი მუსაევი. გურჯაანში მას ყველა იცნობდა, ყველას უყვარდა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. შოთიკოს დედა ჰყავდა საოცარი ადამიანი, სოხუმელი ებრაელი იყო, ნამდვილი არისტოკრატი ქალი, ყველას უღიმოდა, საოცარი მშვიდი საუბარი ჰქონდა. შოთიკოს დედ-მამა გარდაცვლილი ჰყავს. შოთიკო ძალიან ჰგავს დედას, ყველას მოუსმენს, ყველას გაუგებს, ყველას დაეხმარება.
სანამ ისრაელში წავიდოდა შოთა, აქ, გურჯაანში ჰქონდა თავისი სტომატოლოგიური კლინიკა, ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, უსასყიდლოდ უწევდა სამედიცინო დახმარებას.
ისრაელში საკმაოდ წარმატებული ექიმია, ლექციებს კითხულობს საზღვარგარეთ, თავისი კლინიკა აქვს. ჰყავს ქართველი მეუღლე, ქუთაისელი ებრაელი და სამი შვილი - მაიკლი, დევიდი და ადელი“.

შოთა მუსაევი ოჯახთან ერთად
ალა მარზუმანიანი ამბობს, რომ შოთას გმირობა მისთვის უდიდეს სიამაყეს იწვევს.
„მისი გმირობა კი გვიხარია ყველას, მაგრამ რამხელა რამეს გადარჩნენ, სიკვდილს, ფაქტობრივად. ჩვენი რძლისთვისაც ემოციური იქნებოდა მომხდარი. ხშირად ჩამოდის შოთიკო საქართველოში, ჩვენც ხშირად ჩავდივართ მასთან.
როცა გავიგე მის თავს ასეთი ამბავი ხდებოდა, ცრემლი მომადგა, შიშიც ვიგრძენი, რომ ვიფიქრე, რამე დამართნოდა... მეორეც, ისეთი ამაყი ვიყავი, სულ ჟრუანტელმა დამიარა. ახლა, ამ დროში, ასეთი სითამამე, ასეთი ვაჟკაცობა გამოიჩინა. ხომ შეეძლო, უბრალოდ მჯდარიყო, ცოლისთვის გადაეხვია ხელი და დაემშვიდებინა. მაგრამ ამდენ ხალხში ასეთი გმირობა გამოიჩინა, სიცოცხლის ფასად, პილოტს დაეხმარა და ამდენი ადამიანი გადაარჩინა. ძალიან ვამაყობ, რომ შოთიკოს ვიცნობ...“, - გვიყვება ალა მარზუმანიანი.











