ცოტა ხნის წინ პროზექტურაში მოხდა ერთი გარდაცვლილის იდენტიფიცირება - თემურ მღებრიშვილი

შოვი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ცოტა ხნის წინ პროზექტურაში მოხდა ერთი გარდაცვლილის იდენტიფიცირება, თუმცა ვისი, მას არ დაუკონკრეტებია.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში ინტენსიურად გრძელდება ძებნითი სამუშაოები, რომლებიც დღეს ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა, ხვალ კი, სამუშაოების არეალი უფრო გაფართოვდება.

„რამდენიმე წუთის უკან პროზექტურაში მოხდა ერთი გარდაცვლილის იდენტიფიცირება. ეს არის ბოლო მონაცემი, რაც შეიცვალა სტატისტიკურად. გრძელდება 24-საათიანი ინტენსიური ძებნითი სამუშაოები სტიქიის ეპიცენტრში. დღეს გავაფართოეთ ძებნის არეალი, ეს გამოწვეული იქნა იმით, რომ მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი ხიდი. შესაბამისად, მოხდა მეტი რაოდენობის მძიმე ტექნიკის შეყვანა და ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება, ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გვეწარმოებინა ძებნითი სამუშაოები. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ვვარაუდობთ, რომ უფრო მეტად გავზრდით არეალს და ვფიქრობთ, კიდევ დავამატებთ საძიებო სამუშაოების რამდენიმე ლოკაციას. 400 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, თავდაცვის სამინისტროს 200 ჯარისკაცი, ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ არეალი გავზარდოთ. ხვალიდან ველოდებით, რომ უფრო გავაფართოოთ“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.