პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად და მეთოდურად, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

პრემიერი

უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც შედის საზოგადოების ინტერესებში, ისე გაგრძელდება პროცესები ქვეყანაში.

„საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ითხოვდა მყისიერ ჩარევას. მეც მომისმენია პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს. ჩვენ გვჭირდება ჰუმანური, მეთოდური მიდგომა. ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არიან უცხოელი აგენტები, იღებენ ფულს იმისათვის, რასაც აკეთებენ, შეგნებულად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ამის მიუხედავად, ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ 300 ადამიანს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და ჩვენ მათ მიმართ უნდა გვქონდეს ჰუმანური მიდგომა.

აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული. უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. როგორც შედის საზოგადოების ინტერესებში, ისე გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ჯარიმები საკმარისად ეფექტური ზომა არ იყო, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა ეფექტური ზომაა.

„კანონს არღვევენ ყოველდღე, კანონისა და საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, არ შეიძლება, ადამიანებმა გადაკეტონ ქუჩა, თუ ამას არ მოითხოვს მათი რაოდენობა. არ შეიძლება, 50-მა კაცმა იძალადოს 3 700 000 ადამიანზე. ამიტომ არის კანონი, არის საერთაშორისო სტანდარტი. ამის მიუხედავად, ჯარიმები არ ჰყოფნიდა იმას, რომ ამ ძალიან მცირე რაოდენობით ადამიანებს არ ეძალადათ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. რაც არ იყო ეფექტური, ის ჩანაცვლდა ეფექტური ზომით. ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდეგ პლუს სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით პატიმრობა. ტროტუარზე დგას ხოლმე 200 კაცი, რომელიც ყოველდღიურად წირავს დაახლოებით 25 კაცს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის.

კოლექტიური ლომჯარიები დგანან, 200-მდე კაცი დგას ხოლმე ტროტუარზე, ხან 100, ხან 150, ხან 200. ისინი ყოველდღიურად სწირავენ დაახლოებით 25 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, შემდეგ გაწირავენ სისხლის სამართლებრივი პატიმრობისთვის. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება დიდი პერსპექტივა. კოლექტიურ ლომჯარიებს ვერ ექნებათ ვერავითარი პერსპექტივა და ვერც იმათ, ვინც ნახევრად მსხვერპლები არიან და სინამდვილეში ისინიც მოძალადეები არიან, მათაც ვერ ექნებათ ვერავითარი პერსპექტივა. ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვებს საზოგადოების ობიექტური ინტერესები. დაელოდეთ მშვიდად და ნახავთ ეფექტს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.