1738097469
ცნობილია ქართველი ემიგრანტის ვინაობა, რომელიც თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა
21 იანვარს, თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. ლაურა სულიაშვილი სამთო-სათხილამურო კურორტზე იმ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მუშაობდა.
ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, 58 წლის ლაურა სულიაშვილი თურქეთში, სასტუმროში ხანძრის დროს დაიღუპა. ის ემიგრაციაში 20 წელი იმყოფებოდა. 2 შვილი დარჩა“, - ამბობს სიხარულიძე.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი.
22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შემთხვევა თურქეთში არდადეგების პერიოდს დაემთხვა, რა დროსაც სამთო კურორტს ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა. ინციდენტის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.