ცნობილია დაუჭირა თუ არა საქართველომ მხარი ევროსაბჭოში რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას

ევრო საბჭო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთის წარმომადგენლობის უფლებების შეჩერებას, უკრაინაზე თავდასხმის გამო. 

რუსეთისთვის ევროპის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას საქართველოს წარმომადგენლობამ ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.

ჩიქოვანის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში აგრესია განახორციელა და სამხედრო აგრესიის განხორციელება დაიწყო, ევროპის საბჭომ მსჯელობა დაიწყო იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოეხდინა რეაგირება.

„რამდენიმე მიდგომა და გზა იყო, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები – ერთი, რომ საპარლამენტო ასამბლეის პირობებში ყოფილიყო უფლებამოსილების შეწყვეტის შესაძლებლობა, თუმცა ეს უფრო ხანგრძლივი პროცედურა იქნებოდა და ამ გადაწყვეტილების მიღება 11 მარტზე ადრე ვერ მოხდებოდა.

იმის გამო, რომ უფრო ოპერატიული მოქმედება იყო საჭირო, ევროპის საბჭოს სამდივნომ გამოიყენა სპეციალური რეჟიმი, სადაც მინისტრთა კომიტეტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გაფართოებული შემადგენლობა ერთობლივ სხდომაზე შეიკრიბა და ეს ერთობლივი სხდომა გაიმართა დღეს. ეს სხდომა იყო სარეკომენდაციო ხასიათის და ამ რეკომენდაციების საფუძველზე უნდა ემოქმედა მინისტრთა კომიტეტს. მინისტრთა კომიტეტი დღეს შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე-8 მუხლის საფუძველზე რუსეთისთვის შეეჩერებინა რუსეთისთვის ორგანიზაციაში უფლებამოსილება. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდა იმ მომენტიდან, რა დროიდანაც იყო მიღებული. ეს უკვე ძალაშია. მინისტრთა კომიტეტის დღეს გამართულ სხდომაში საქართველოს წარმომადგენლობა მონაწილეობდა და ამ გადაწყვეტილებას ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.