ცნობილი მწერალი საკუთარ სახლში მოკლეს

გლოვა

58 წლის გერმანელი მწერალი, ალექსანდრა ფროჰლიხი ჰამბურგში, საკუთარ სახლში, მოკლული იპოვეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქალი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ცხედარი სამშაბათს დილით მისმა შვილმა აღმოაჩინა.

პოლიცია მკვლელს ეძებს. ტელეარხ NDR-ის ცნობით, სამართალდამცველების ყურადღება მწერლის ახლო ნათესავმა მიიპყრო.

ალექსანდრა ფროჰლიხი ცნობილი გახდა 2012 წელს გამოცემული რომანის "ჩემი რუსი დედამთილი და სხვა კატასტროფები" წყალობით, რომელშიც წერდა რუს მამაკაცთან ქორწინების შესახებ. მას მოჰყვა წიგნები "რუსებთან ერთად მოგზაურობა", "სიკვდილი გარდაუვალია" და "ჩონჩხები კარადაში".

ფროჰლიხი შტატგარეშედ რამდენიმე გერმანულ მედიასაშუალებაშიც მუშაობდა. მან ჟურნალისტური კარიერა კიევში დაიწყო.