მოლდოვის მოქალაქეებმა პოლიტიკური სიმწიფე გამოავლინეს და ხმის მისაცემად მასობრივად მივიდნენ, მთავრობა ახლა პანიკაშია, ასეთ შედეგს არ ელოდნენ - იგორ დოდონი

დოდონი

მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა და „პატრიოტული ბლოკის“ ლიდერმა, იგორ დოდონმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და მოლდოვის მოქალაქეებს ხმის მიცემისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებს ამ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის. მათ პოლიტიკური სიმწიფე გამოავლინეს და ხმის მისაცემად მასობრივად მივიდნენ. ჩვენ ვიცით, რომ მთავრობა ახლა პანიკაშია. ისინი ასეთ შედეგს არ ელოდნენ. ქვეყნის გარეთ გაცილებით მეტ ხმას ელოდნენ, იმ იმედით, რომ მასობრივ გაყალბებას მოახდენდნენ“, – განაცხადა იგორ დოდონმა პარტიის შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე.

ყოფილმა პრეზიდენტმა როგორც საზღვარგარეთ, ასევე მოლდოვის რესპუბლიკის შიგნით მომხდარი რიგი დარღვევების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, სამართალდამცავ ორგანოებს კი დარღვევების თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. დოდონმა დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა დაგმო.

„ჩვენ არ შევეგუებით დესტაბილიზაციას. სიტყვას გაძლევთ. მე მყავს ბავშვები ამ ქვეყანაში. მყავს პატარა ბიჭი, რომელიც ხვალ სკოლაში უნდა წავიდეს“, – აღნიშნა იგორ დოდონმა.

ამასთან, დოდონმა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, დილით პარლამენტის შენობის წინ გამოვიდნენ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაში ჩაერთონ და მოლდოველების ხმები დაიცვან.

„12 საათზე ჩვენ ვიწვევთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, პარტიული დროშების გარეშე შეუერთდნენ მშვიდობიან პროტესტს პარლამენტის შენობის წინ. აქციაზე განცხადების გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. ჩვენ ერთად დავიცავთ მოქალაქეების ხმას“, – აღნიშნა „პატრიოტული ბლოკის“ ლიდერმა.