გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1786187074
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.
სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, გამოხატა თანაგრძნობა და მთავრობის სახელით მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
თეა ახვლედიანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო გორშიც. სახელმწიფო მინისტრმა გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს გორიდან მაქვს შესაძლებლობა პატივი მივაგო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და თანაგრძნობა გამოვუცხადო მათ ოჯახებს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იმ უდიდეს დანაკარგს, რასაც უკავშირდება 18 წლის წინ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას და საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, რომლის უმძიმესი შედეგების დასაძლევად ჩვენ განუხრელად ვახორციელებთ ერთიანი სამთავრობო მიდგომით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრაგმატულ და თანმიმდევრულ პოლიტიკას. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად წარმოაჩენს მშვიდობის დაცვისა და გამტკიცების უპირობო მნიშვნელობას; სწორედ ამ პასუხისმგებლობით ახორციელებს ყოველდღიურ ძალისხმევას საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, ტერიტორიების მშვიდობიანად დეოკუპაციასთან ერთად, ომით დაშორებული ჩვენი ხალხის შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ერთიან და თავისუფალ საქართველოში,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.