თავზარდაცემული დაბრუნდა ლაშა ონკოლოგიური კლინიკიდან – ოლიმპიური ჩემპიონის დედის მიერ მოყოლილი, დღემდე უცნობი ამბავი

ლაშა ტალახაძე

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადა 2020 დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა სამშობლოს 8 მედალი ჩამოუტანეს. აქედან 2 ოქროს. ერთი ოქროს „განაღდებაზე“ ქართველები ფსონს დებდნენ და ხუმრობდნენ, სჯობს მთავრობამ წინასწარ ჩაურიცხოს ტალახაძეს მილიონიო. 

პროგნოზი გამართლდა. ლაშა ტალახაძე კიდევ ერთხელ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

ლაშას შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრას“ ესაუბრა ჩემპიონის დედა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ლაშას შესახებ აქამდე უცნობ ამბავს გაიგებთ.

„სადაც უნდა იყოს, ჩემი შვილის გულში სიკეთეს ვერაფერი დაჩრდილავს. ისიც სხვა ქართველებივით ცხოვრობს, რომელთაც უამრავი პრობლემა აქვთ. მისი ჯილდო მხოლოდ ტოკიოს ოლიმპიადის გამო გახდა ასეთი სოლიდური, თორემ სხვა დროს მასაც ისევე ხვდებოდა პრობლემები, როგორც სხვებს. ამის მიუხედავად, არ მახსოვს, გაჭირვებულს არ დახმარებოდა. ხშირად ყოფილა, რომ სახსარი არ გააჩნდა და ჩემთვის უთხოვია, დედა, როგორმე რაღაც თანხა გადარიცხე, ამას და ამას დახმარება სჭირდებაო. თუ მეც არ მქონდა, ვსესხულობდი და ვრიცხავდი. ასე რომ, ახლა ლაშას ვერაფერი შეცვლის. მაშინაც გაუწვდის ხელს გაჭირვებულს, როცა თვითონაც ბევრი არაფერი ექნება. რაც შეეხება ახლანდელ თანხას, რომელიც მართლაც სოლიდურია, თუკი ამ ფულს ლაშა მიიღებს, შესაძლოა, ამაზე არც უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა – იმით დავიწყებ, როგორი თავზარდაცემული დაბრუნდა ლაშა ონკოლოგიური კლინიკიდან, სადაც ბავშვები ნახა და მითხრა, თუ ოდესმე დიდი თანხა მექნება, ამ ბავშვებს უნდა დავეხმაროო. ამაში მეუღლეც აუცილებლად გვერდით დაუდგება.