თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772814535
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და დიპლომები გადასცეს.
თავდაცვის ძალების უმაღლესი და უფროსი ოფიცრებისათვის, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის უწყებებში დასაქმებული თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილი კურსი უწყებათაშორის სასწავლო პროგრამას წარმოადგენს. პროგრამის მიზანია, მოამზადოს სტრატეგიული დონის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები, რომლებიც შეძლებენ სტრატეგიულ დონეზე კოორდინირებულ თანამშრომლობას, შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს შეფასებასა და კრიზისების მართვის პროცესში ეფექტიან მონაწილეობას.
მონაწილეებმა ხუთი თვის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოდული გაიარეს. მათ, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ფართო შავი ზღვის რეგიონისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაცნობითი ვიზიტებით სტუმრობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
გამოშვების ღონისძიებას დაესწრნენ და სერტიფიკატები მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, რომლებმაც თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის მოდულები წარმატებით გაიარეს.
„ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ ორწლიანი ინტენსიური მუშაობისა და კონსულტაციების შედეგად, ნატოს მიერ აკრედიტებული თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ბაზაზე ჩამოყალიბებული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის ფარგლებში შეიქმნა. პროგრამის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო ნატოს წევრი ქვეყნების სტრატეგიული დონის სასწავლებლების გამოცდილება.