ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები
1783886364
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი შაშვიაშვილმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს გამორჩეულად სადღესასწაულო განწყობა იგრძნობა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საპატრიარქო პატივით პირველად აღავლენს ამ სადღესასწაულო მსახურებას, მოციქულთა კრების ხსენებას.
ეს დღესასწაული გამორჩეულად აღინიშნება ამ საპატრიარქო ტაძარში, რადგან სწორედ მის სახელზეა აგებული სვეტიცხოვლის ტაძარი. დღეს ვართ ბედნიერები, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ეს დღესასწაული მთელ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მივულოცოთ. პატრიარქი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს, რომელიც მადლის მომნიჭებელია ყველა ქრისტიანისთვის. ვულოცავ მის უწმინდესობას და ყველა ქრისტიანს“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი შაშვიაშვილმა.
შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.