1778184177
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვანში ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჩ-ის (მისამართი: ვანი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ) ყველის საწარმოში შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.
ამავდროულად, ობიექტში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.












