სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 300-მდე საფუტკრე მეურნეობა დაარეგისტრირა

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, სააგენტოს ვეტერინარებმა დაარეგისტრირეს 1 300-მდე საფუტკრე მეურნეობა, რომლებიც 53 ათასზე მეტ სკას მოიცავს.

„იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის განხორციელების უმთავრესი მიზანი წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობის შესაძლებლობაა. რაც შეეხება საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას, 2023 წლის პირველი იანვრიდანაა სავალდებულო, რაც ხელს უწყობს მეფუტკრეების მიერ წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. აღსანიშნავია დარგობრივი ასოციაციების აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროცესში. ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც მეფუტკრე ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ“, - განაცხადა ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ჯალაღონიამ.

საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით ახორციელებს.

„საფუტკრე მეურნეობებმა რეგისტრაციისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ან მუნიციპალურ ოფისებს უნდა მიმართონ. რეგისტრაცია უფასოა.

რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/5913“, - აცხადებენ სააგენტოში.