სუამის გენერალური მდივანი: პატრიარქი ილია მეორე დაამახსოვრდებათ, როგორც მშვიდობის, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ერთგული დამცველი სხვადასხვა ერს, კულტურასა და რწმენას შორის

ილია მეორე

დემოკრატიის და ეკონომიკური ორგანიზაცია სუამის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს სახელით, მსურს, სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს ხალხს, ხელისუფლებას და სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის გარდაცვალების გამო, - ნათქვამია სუამის გენერალური მდივნის, ალტაი ეფენდიევის წერილში.

„მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მისი უდავო მორალური ავტორიტეტი და სულიერი ღირებულებების დაცვის ურყევი პოზიცია შეუცვლელი იყო საზოგადოების კონსოლიდაციის, ეროვნული ტრადიციების დაცვისა და ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის. ისევე როგორც, მრავალი გამოწვევის ფონზე მისი როლი ერის გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში.

ის დაამახსოვრდებათ, როგორც მშვიდობის, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ერთგული დამცველი სხვადასხვა ერს, კულტურასა და რწმენას შორის.

ჩვენ ასევე ვაღიარებთ და ვაფასებთ მის მტკიცე და პრინციპულ პოზიციას არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და მისი ტერიტორიების ოკუპაციის, არამედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის მიმართაც. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ეკლესიამ უზრუნველყო ჰუმანიტარული დახმარება და თავშესაფარი უკრაინელებისთვის, რომლებიც გამოექცნენ საშინელ ომს და საქართველოში პოვეს თავშესაფარი.

ასეთი ავტორიტეტისა და მნიშვნელობის მქონე რელიგიური და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალება ყოველთვის დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ერისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც.

ეროვნული გლოვის ამ მძიმე დღეებში, ჩვენს ღრმა თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ერს სიმტკიცესა და სულიერ მხნეობას ვუსურვებთ ამ დიდი დანაკლისის დასაძლევად. განისვენოს მისმა სულმა მშვიდობით!“ - ნათქვამია წერილში.