სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უწყების გაძლიერების მიზნით სტრუქტურული ცვლილებები გატარდება

საგამოძიებო სამსახური

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიების ეფექტურობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის და უწყების ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო. რეორგანიზაციის ფარგლებში, საგამოძიებო დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდება სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის და ძალადობრივ დანაშაულებს, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას უზრუნველყოფს.

სამსახურში შეიქმნება პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტებს გამოიძიებს.

ორი დამოუკიდებელი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნით სამსახურს მიეცემა საშუალება, ერთის მხრივ ყველა კატეგორიის დანაშაულის გამოსაძიებლად საგამოძიებო რესურსი რაციონალურად გაანაწილოს და მეორე მხრივ ყველა გამომძიებელს მხოლოდ ერთი კატეგორიის დანაშაულზე მუშაობის შესაძლებლობა ექნება. ამ საკითხის დარეგულირების შესახებ რეკომენდაციები ასევე ხაზგასმულია საერთაშორისო ორგანიზაციების და უფლებადამცველების ანგარიშებში.

გარდა ამისა, სტრუქტურული ცვლილებები ასევე უკავშირდება ბავშვებისა და მოზარდებისთვის საშიშ ისეთ გამოწვევას, როგორიც არის ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევები. შესაბამისად, ახალმა სპეციალიზებულმა საგამოძიებო დანაყოფმა ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბებით უნდა უზრუნველყოს როგორც საქმეთა დროული და ეფექტური გამოძიება, ასევე ამ დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, რომლის თაობაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტს მიმდინარე წლის სექტემბერში მიმართა, პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში ასევე ჩამოყალიბდება პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვაში მსჯავრდებულ პირთა მონიტორინგის სამმართველო. ახალი სამმართველო გააკონტროლებს ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების ქცევას და მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი ზომების გატარებას უზრუნველყოფს.

დეპარტამენტში ასევე გაერთიანდება მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო, მისი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფენ დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის განმცხადებლებისთვის უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, საქმის მასალების გაცნობას, დაცვის სპეციალური პროგრამების შეთავაზებას, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის საქმის მასალების გაცნობის პროცესის ორგანიზებას.

რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების გაძლიერების და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამსახური ქვემო ქართლში, ქ. რუსთავში მორიგ მეხუთე რეგიონულ სამმართველოს აამოქმედებს. რეგიონული ოფისის მშენებლობის დასრულება 2025 წლის აპრილში იგეგმება.

შექმნის დღიდან სამსახურის მიერ გატარდა არაერთი ღონისძიება უწყების გაძლიერების და ტერიტორიული დაფარვის გაფართოების უზრუნველსაყოფად, რამაც დადებითი გავლენა იქონია როგორც სამსახურის მიმართ მომართვიანობაზე, ასევე, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების წარმოებაზე. სამსახური ინსტიტუციური გაძლიერების და გაფართოებისკენ მიმართულ ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს.