სოსო გიორგაძემ თბილისის საბავშვო ბაღებს ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი ზღაპრები გადასცა

სოსო გიორგაძე

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტსა“ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მიზანია პატარებში შემოქმედებითი აზროვნების მიმართ ინტერესის გაღვივება, ასევე, კრეატიული უნარების განვითარება და სიახლეების აღქმის წახალისება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ. მემორანდუმის ფარგლებში, თბილისის №30 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადაეცათ საქპატენტის მონაწილეობით გამოცემული და მისივე პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი საბავშვო ზღაპრები, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ სახალისო ისტორიებს ასახავს და შემეცნებით ხასიათს ატარებს. სოსო გიორგაძემ და კახა აბულაძემ პატარებს ზღაპრული ისტორიები გააცნეს, რასაც მათთვის ჩვეული სახალისო კითხვები მოჰყვა. სტუმრებთან შეხვედრა ბაგა-ბაღის აღსაზრდელების საკონცერტო ნომრების შესრულებით დასრულდა.

ზღაპრები მთელი თბილისის მასშტაბით 200-მდე საბავშვო ბაღს ეტაპობრივად გადაეცემა. მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია სხვა ერთობლივი სასწავლო და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის, შემოქმედებითი უნარების განვითარების საკითხებზე პედაგოგების გადამზადება.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით საქპატენტსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას.