სინოპტიკოსები 19 აგვისტომდე ტემპერატურის რეკორდულ მაჩვენებლებს ელოდებიან

ამინდი

19 აგვისტომდე, სინოპტიკოსები, ქვეყანაში ტემპერატურის რეკორდულ მაჩვენებლებს ელოდებიან. განსაკუთრებით მაღალ სიცხეს კი სპეციალისტები აღმოსავლეთ საქართველოში პროგნოზირებენ. დედაქალაქში დამონტაჟებული თერმომზომები უკვე რამდენიმე დღეა 40 გრადუსზე მეტს აჩვენებს. მაღალი ტემპერატურის გამო, სპეციალური სამსახურები საქართველოს მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა ადამიანის ჯანმრთელობის გამო საფრთხეს უქმნის ბუნებასაც. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავენ, საქართველოში შესაძლოა ევროპის მსგავსად, მასშტაბური ტყის ხანძრები გაჩნდეს. რისკებს კიდევ უფრო ზრდის ტყის მასივებში დასასვენებლად მყოფი მოქალაქეების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ტყეში დატოვებული სიგარეტის ნამწვი, შუშის ბოთლები და ბოლომდე ჩაუმქრალი კოცონი. მხოლოდ მიმდინარე წელს, ტყის ხანძრების გამო, ქვეყანაში 56 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.

ჰაერის მარალი ტემპერატურით გამოწვეული, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, მზად არის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. მობილიზებულია და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოც.

მიმდინარე პერიოდში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ცხელი ქარი პრობლემებს ქმნის ევროპის რამდენიმე რეგიონში. ესპანეთში ცეცხლის კერებმა თითქმის 10 000 ჰექტარი გაანადგურა.

კერები გაჩნდა საფრანგეთის სამხრეთითაც. ათასზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია.

ტყის ხანძარს ებრძვიან ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ჰავაიზე კი 7 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა.