„შუადღის საათებში მზეზე ხანგრძლივი ყოფნისგან თავი შეიკავეთ“ - ტემპერატურა + 38 გრადუსს მიაღწევს

მზიანი ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის თბილისში, დღის საათებში ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს.

სპეციალისტები მოსახლეობას განსაკუთრებით 12:00-დან 17:00 საათამდე მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ხანგრძლივი ყოფნისგან თავის შეკავებას ურჩევენ. მაღალი ტემპერატურის ფონზე იზრდება მზის დაკვრისა და ორგანიზმის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ცხელი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება, თუმცა მომდევნო კვირის დასაწყისიდან ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, რის შემდეგაც ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს.