1757179938
შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების დაწყებისთანავე მიიღეს შესაბამისი ზომები ვითარების განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ არ ემორჩილება სამართალდამცველების მოწოდებას და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს, ხოლო კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა.
როგორც ადგილზე განაცხადეს, ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
ისმოდა ერთმანეთის მიმართ შეურაცმხყოფელი სიტყვები, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.