შობა – ისტორიიდან თანამედროვეობამდე

shoba

შობის დღესასწაულს ქრისტიანები ერთმანეთს ასე ულოცავენ: „ქრისტე იშვას ჩვენს გულებში“. 2020 წლის წინ, მაცხოვარი განკაცდა და ბეთლემის თავზე, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, აღმოსავლეთით ერთი ვარსკვლავი გასხივონსდა. რჯულის მცნობელი მოგვები ქრისტეს სადიდებლად ვარსკვლავს გაჰყვნენ და ბაგაში ყრმა იესოს თაყვანისცემისა და შესაწირის მისართმევად მივიდნენ. გადმოცემით, მოგვები ახალშობილ უფალს გალობით შეეგებნენ.

ქრისტიანულ სამყაროში შობა უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია. დღე, როცა მსოფლიო ქრისტიანებს რელიგიური თანაგრძნობები და რწმენა – წარმოდგენები აერთიანებთ. საქართველო ამ დღეს ჯერ კიდევ იულიუსის კალენდრის შესაბამისად, 7 იანვარს აღნიშნავს. მსოფლიო ქრისტიანთა დიდი უმრავლესობა კი, 25 დეკემბერს გრიგოლიანული კალენდრის მიხედვით.

„შობა – ახალი წელი იყო ერთიანი ციკლი. ჯერ შობას აღნიშნავდნენ და შემდეგ ახალ წელს. ქართული ეკლესია შობას აღნიშნავს ძველი სტილით, შესაბამისად, ეს არის ხალხური ყოფის ნაწილიც და შობასთან დაკავშირებული ასპექტები იმეორებს იმ ცოდნას, რა ცოდნაც მას მიაწოდა ეკლესიამ მრავალი საუკუნის განმავლობაში.“ – ამბობს ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი.

რელიგიური კულტურის წყალობით, დეკემბრის თვეს ძველი ქართველები ქრისტეშობის თვეს უწოდებდნენ. ძნელად თუ მოიძებნება ჩვენს შორის ის, ვინც ნაცნობი მელოდიის აჟღერებისთანავე არ წამოიწყებს სიმღერას, 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ალილო.

შობის ქართულ რიტუალებში აშკარაა, რომ ცოცხლდება ისტორია, განკაცებული მაცხოვრის დაბადების თქმულების შესახებ საგალობლებით, შესაწირავითა და ქრისტეშობის მახარობლებით. ხალხურმა  კულტურულმა არქეტიპებმა ანტიკური ხანის ზოგიერთი ქართული წეს-ჩვეულება ამ დრომდე შემოინახა და ქრისტიანულ წესებს შეერწყა.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში უნიკალური საშობაო რიტუალები სრულდება. მართალია, ზოგიერთი მათგანი უკვე დავიწყებას მიეცა და დრომ შთანთქა, მაგრამ უძველესი ქვეყნის კუთხურ თავისებურებებზე ცნობები მაინც არსებობს. ემზადებოდნენ, საგანგებო რიტუალებს ასრულებდნენ და დღესაც ბევრი საშობაო წეს-ჩვეულებები მოვიდა ჩვენამდე…

„წინა სამარხვო პერიოდი უძღოდა წინ შობის ზეიმს, შესაბამისად ყველა ის რიტუალი, რომელიც იყო ხალხური და რომელიც იყო სამზადისი შობის შესაგეგებლად, იმართებოდა მხოლოდ და მხოლოდ სამარხვო შესაწირავების თანხლებით. “

საქართველოში დიდი სამზადისი იყო შობის მოახლოვებისას. რეგიონებს შორის განსხვავებები თემის თავისებურებები და რწმენა – წარმოდგენები იყო. ასევე, იესოსთვის მიძღვნილი შესაწირავის ხელმისაწვდომობა.

„24 დეკემბერი დახუნძლული იყო ხალხური რიტუალებით. რომელიც მრავალფეროვანი იყო, რადგან ჩვენი ქვეყანა შედგება მრავალეთნოგრაფიული მხარისაგან  და ამ ისტორიულ მხარეებს თავიანთი ლოკალური ტრადიციები წარმოადგენს. სულიერად ემზადებოდნენ.

ამ დღეს ახლდა სამზადისი შობის ხალხური რიტუალებისათვის. ქრისტიანობამდელი მესაქონლეობასთან დაკავშირებული რწმენა – წარმოდგენები იყო შემორჩენილი. კვერების ცხობის ტრადიცია დიდი რაოდენობით გვხვდება საშობაო სამზადისში. სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, საქონლის, ყურძნის, ბეღელის. ასე ასულიერებდნენ უსულო სამყაროს ჩვენი წინაპრები.“

ხორბალი და ღვინო უხსოვარი დროიდან საღვთო შესაწირავს  წარმოადგენდა გაქრისტიანებამდე. ძველი ქართველები პურსა და ღვინოს ნაყოფიერების, ამინდის, მოსავლისა და პირუტყვის მფრაველ ღვთაებებს წირავდნენ. ახლა, ეკლესიაში ზიარების საიდუმლოს აღსრულების აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს.

„ქართლსა და სვანეთში იყო რიტუალი კორკოტობა, იმართებოდა ლოცვები, დედა ღვთისმშობელს ავედრებდნენ სამშობლოს. ეს იყო ზედაშე, წმინდად შენახული ღვინო, შესაწირავი პური, ეს ანტიკური ხანიდან მოდიოდა და სეფისკვერიცამის ვარიაციაა. თუშეთში დიდი კორკოტობა მზადდებოდა. მწუხრის ჟამს მიმდინარეობდა საოჯახო ლოცვა, ესეც ქრისტიანულ წესთან, საღამოს ლოცვასთანაა დაკავშირებული, რომელიც იმეორებს ხალხურ წეს-ჩვეულებას. “

შობის შესაწირი დამოკიდებული იყო, იმაზე, თუ რომელი კულტურა იყო გავრცელებული ამ თუ იმ რეგიონში. წირავდნენ იმას, რაც ყველაზე ძვირფასი იყო მათთვის. მარცვლეული თუ პირუტყვი, ღვინო თუ ცხოველური ნაწარმი, ქადა თუ კვერი.

„აღმოსავლეთ მთიანეთში  – ცხვრის დაკვლით. იყო სარიტუალო პურები. საშობაოდ მზადდებოდა არასამარხვო შესაწირავი პურები, ყველის გულიანი ლემზირები. განატეხები რაჭა-ლეჩხუმში ცხვებოდა. ტაბლა და კორბოული, ქრისტეს პური აღმოსავლეთ საქართველოში.

დღეს, ყველაზე გავრცელებულია გურული საშობაო ღვეზელი და მუცლის შელოცვილი, ეს მზადდებოდა 24 დეკემბერს და  ბრავაწლობა ეწოდებოდა. ძალიან საინტერესოა სვანური საშობაო ფაფა.სვანეთში საოჯახო ლოცვა სრულდებოდა აღმოსავლეთის სარკმელთან. ხევსურეთში ხატში მიდიოდნენ მწუხრზე და იქ სრულდებოდა სპეციალური ლოცვა და მიჰქონდათ შესაწირავი.“

ალილოს ტრადიციად შემონახული უძველესი საშობაო რიტუალი ის გამონაკლისია, რომელიც შორეული ისტორიიდან ახლაც ცოცხლდება. ადრე, ალილოს ასრულებდა მამაკაცთა გუნდი, შემდეგ ბავშვებით შეიცვალა. ამ რიტუალს აღმოსავლეთ საქართველოში ჭონაობას ეძახიან, დასავლეთში კი – ალილოს. ამ წეს – ჩვეულებაში მოგვების განსახიერება ხდება, ისინი ქრისტეშობის მახარობლის როლს ირგებენ და მსვლელობისას ულოცავენ ყველას.

„ალილოს ტრადიცია, ალილუია, დიდება ქრისტეს. ახალგაზრდები იკრიბებოდნენ და კუთხური საგალობლებით სოფელს შემოივლიდნენ ოჯახ ოჯახ. ისინი აღიქმებოდნენ როგორც ქრისტეშობის მახარობლები. ოჯახები შესაწირავსაც გასცემდნენ. ახლა უკვე ალილოზე დადიან ბავშვები და ისინი პატარა ასაკიდანვე ეზიარებიან ხალხური რიტუალების შესრულებას. “

გადმოცემის მიხედვით, ბეთლემში ყრმა იესოს მოგვები ადიდებდნენ და უგალობდნენ. ქართული კულტურა საკმაოდ მდიდარია კუთხური, მრავალფეროვანი ხალხური საშობაო სიმღერებითა და საგალობლებით. შობა ქართული მრავალხმოვანების გარეშე, წარმოუდგენელია.

თითოეულ სოფელში სრულდება საგალობლები, ტკბილი ჰანგებით ულოცავენ ერთმანეთს ქრისტეს დაბადებას. ერთობით ადიდებენ და თაყვანს ცემენ უფალს ფერხულით. უფლის მარადიულობის  სიმბოლოდ წრეში დგებიან და  ასრულებენ სარიტუალო ცეკვებს.

„ამ ყველაფერს თან ახლდა ხალხური საგალობლები და ფერხულები. კირიალესას ფორმის საგალობლები. კუირიელა ტაოკლარჯეთში სრულდებოდა ხალხური საგალობელი. ეს უკვე იკარგება და მისი შემსრულებლები აღარ არიან ცოცხლები.“

ქართველებში რელიგიური რწმენა – წარმოდგენები იმდენად ღრმაა, რომ ხშირად სრულდებოდა რიტუალები, რომელთა არსიც თავად შემსრულებელს არ ესმოდა. მიუხედავად ამისა, მაღალი კულტურისა და ტრადიციულობის წყალობით, ასე თაობიდან თაობას გადაეცემოდა ძველი ქართველების შესრულებული წესები და ჩვენს დრომდეც ასე მოაღწია. ამის ნათელი მაგალითი, ე.წ. ბასილის კვერებია.

„ბასილას კვერები, ეს საახალწლო სარიტუალოა. კაცის გამოსახულებისაა ეს კვერი. კვლევებმა დაადასტურა რომ ეს ბასილი დიდთან არის დაკავშირებული. იმ დღეს კანონიკური ტრადიციის მიხედვით, ბასილი დიდის ხსენების დღეს იყო. თუნდაც ნაკლებად წიგნიერი ადამიანი კულტურული მეხსიერების წყალობით თაობიდან თაობას გადასცემდა. “

შობის ღირსშესანიშნაობისთვის მიძღვნილი ქართული უნიკალური საზეიმო წარმოდგენაა ბერიკაობაა – ყეენობა. ძველად ბერიკაობაში მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას, ბოლო წლებში კი, ბერიკებს შორის გოგონებიც გამოჩნდნენ. მასკარადის ტიპის საზეიმო რიტუალი მხოლოდ ქართველი ქრისტიანებისთვის არაა დამახასიათებელი. მას ევროპაშიც ასრულებენ.

„ბერიკაობა – ყეენობაში მონაწილეობენ მხოლოდ მამაკაცები, რომელთაგან ერთ-ერთი ქალივითაა გადაცმული, ეს მასკარადის ტიპის რიტუალი შემოინახეს ტაოკლარჯეთში. მისი ანალოგი სრულდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში. “

ბერიკაობა – ყეენობა არ არის ერთადერთი სარიტუალო მსგავსება ევროპული შობის ტრადიციებთან. აღმოსავლეთ საქართველოში, მთიანეთში საშობაო სუფრისთვის აუცილებლად აცხობენ ქადებს. ქადის გული მზადდება ერბოში მოხალული ფქვილისგან. საახალწლოდ ქადებს მესხეთ – ჯავახეთშიც აცხობენ, კარაქ წასმული ცომით. თითქმის ანალოგიურ ქადას ვხვდებით ევროპაში, სადაც ერთ-ერთ საშობაო ნამცხვარს სწორედ შტრეიზელი წარმოადგენს, რომელსაც ჩვენებური ქადის გულით ცხვება.

„სამწუხაროდ ჩვენ ვკარგავთ ამ ტრადიციას მაშინ, როცა რომში, არგენტინაში უმაღლეს რანგში აქვთ აყვანილი ეს ზეიმი. ყველგან უფრთხილდებიან სადაც ტრადიციებს პატივს ცემენ. ეს ერთიანი კულტურის მაჩვენებელია. “

მაშინ, როცა საქართველოში საბჭოთა ეპოქა დადგა, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა და რიტუალების შესრულება გარკვეულ წილად მივიწყებას მიეცა შიშის გამო. ათეისტურ საბჭოეთში შობის დღესასწაულის მასშტაბურობა საერო ზეიმმა, ახალმა წელმა შეითვისა.

თითქმის საუკუნოვანმა ათეისტურმა მმართველობამ ბევრი რელიგიური რიტუალი დროს გაატანა, ისტორიაში ჩაკარგა და ხალხური მეხსიერებიდან მაინც ვერ ამოშალა. ძველად სახლებში, აღმოსავლეთ სარკმელში სანთელს ანთებდნენ და ლოცვას აღავლენდნენ.  ასე ახდენდნენ ქართველები იმის აფიშირებას, რომ კონკრეტულ სახლში ქრისტიანები ცხოვრობდნენ და ქრისტეს შობას ზეიმობდნენ.

„მთლიანად საქართველოში, სხვადასხვა დიალექტზეც კი, ქრისტეს სახელი ჰქვია დეკემბრის თვეს. გამოვიარეთ საბჭოთა პერიოდი, როდესაც სასულიერო დღესასწაულები სრულდებოდა სახლში, ჩაკეტილ სივრცეში. მას შემდეგ, გარეთ გავიდა.“

ბოლო რამდენიმე წელია რაც, სარკმლებში სანთლის ანთების ტრადიცია აღდგა. ახლა, თითოეული ქრისტიანის სარკმელში ანთებული სანთელი საკრალურ იერს აძლევს ქუჩებს, უბნებს, ქალაქებს, სოფლებსა და მთლიანად საქართველოს.

„სარკმელში სანთლის ანთების ტრადიცია ძველი ხალხური რიტუალია, რომელიც სრულდებოდა საუკუნეების განმავლობაში. პატრიარქი მთიელია და იცის, ხალხური წეს – ჩვეულეები და საკმაოდ პატივისცემით აპყრობა მათ. სწორედ ამ ტრადიციით აღდგენაა ამის გამოხატულება.“

თანამედროვე საქართველოში შობის აღსანიშნავად ეკლესია-მონასტრებში საზეიმო ლიტურგია აღევლინება. ქრისტიანები ღამის თევით, ლიტონიობით ადიდებენ უფლის სახელს. თუმცა, ის რაც დრომ შთანთქა და თითქმის წაშალა, ალბათ, უნდა აღდგეს.

თითოეულ კუთხეში უნდა გაცოცხლდეს უძველესი რიტუალები და გადავცეთ თაობებს. ალბათ, ეს ის კულტურული თავისებურებაა, რომელიც გამოგვარჩევს დანარჩენი მსოფლიოსაგან. ასტრონომიული დროის ათვლა, ახალი წლის სახით ბუნების კანონია, რომელსაც მთელი ერი ვზეიმობთ. შობა კი ის დღესასწაულია, როცა ქრისტიანული სწავლების, კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად ყრმა იესო იშვა…

„პრაიმტაიმი“ გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ, ქრისტიანობის მთავარ მონაპოვარს – უპირობო სიყვარულს. ქრისტე იშვას ჩვენს გულებში!