შიო მესამე: გვახსოვდეს, რომ არასდროს მივეცეთ სევდას, გადამეტებულ მწუხარებას, გლოვას და ტირილს, რაგინდ გამოუვალი გვეჩვენებოდეს ჩვენი გარემოება თუ მწუხარება. უფალს შეუძლია ჩვენი ეს მწუხარება დიდ სიხარულად გადააქციოს, უნდა გვქონდეს უფლის ნდობა და სასოება

შიო მესამე

გვახსოვდეს, რომ არასოდეს მივეცეთ სევდას, გადამეტებულ მწუხარებას, გლოვას და ტირილს, რაგინდ გამოუვალი გვეჩვენებოდეს ჩვენი გარემოება თუ მწუხარება, - განაცხადა ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.

უწმინდესმა წირვა, მღვდელმთავრებთან ერთად ხიჭაურში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა. იქადაგა რწმენის ძალაზე და სახარებისეული ეპიზოდი გაიხსენა. ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონს.

პატრიარქის თქმით, უფალს შეუძლია ჩვენი მწუხარება დიდ სიხარულად გადააქციოს.

„გვახსოვდეს, რომ არასოდეს მივეცეთ სევდას, გადამეტებულ მწუხარებას, გლოვას და ტირილს, რაგინდ გამოუვალი გვეჩვენებოდეს ჩვენი გარემოება თუ მწუხარება. უფალს შეუძლია ჩვენი ეს მწუხარება დიდ სიხარულად გადააქციოს. უნდა გვქონდეს უფლის ნდობა და სასოება.

ჩვენს ცხოვრებაში, ყოველი ჩვენგანი სამსახურში თუ ოჯახში, ცხოვრებისეულ გარემოებებში ვხვდებით სირთულეებს, მწუხარებებს, ძალიან განვიცდით ამის გამო, მაგრამ უფალი გვასწავლის - ნუ სტირი, ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს, ილოცე და ყველაფერი მოგვარდება.

ჩვენ ყოველგვარ ცხოვრებისეულ სირთულეებში, მწუხარებებში არ მივეცეთ გადამეტებულ მწუხარებას, სევდას. არ შეგვიპყროს შიშმა, სულმოკლეობამ. არამედ, ყოველთვის გვქონდეს ღვთის იმედი, სასოება და გვექნება დიდი ნუგეში. ჩვენს მწუხარებას უფალი სიხარულად გარდააქცევს.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაიწყო აჭარელი ხალხის შემობრუნება ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ. მოგეხსენებათ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც არაერთხელ ჩამობრძანებულა და ასეთივე საყოველთაო ნათლობა შეუსრულებია. ჩვენ ვხარობთ თქვენო მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობავ, რომ მისი უწმინდესობის მიერ დაწყებული ეს საქმე ზემო აჭარაში გრძელდება.

ღმერთმა დალოცოს აჭარა, ღმერთმა დალოცოს სხალთის ეპარქია, ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანი, დედაღვთისმშობლის ლოცვით, მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ!“, - აღნიშნა პატრიარქმა.

✕