შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ცოტა ხნის წინ სამების ტაძარში მივიდა

გეკა გელაძე

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. მინისტრმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ  მიაგო და ადგილზე უსაფრთხოების ზომებს პირადად გაეცნო.

კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველო რამდენიმე უცხო ქვეყნის დელეგაციას ელოდება, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქს.

ასევე, ცოტა ხნის წინ, სამების ტაძარში პატრიარქის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მივიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელძღვანელი მამუკა მდინარაძე ოჯახთან და უწყების თანამშრომლებთან ერთად.

იქამდე, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ასევე, პარლამენტის და მინისტრთა კაბინეტის წევრები მივიდნენ.

ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უკვე მესამე დღეა ხალხით არის სავსე. პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგი დიდია, ადგილზე 24 საათის განმავლობაში იკრიბება მრევლი, მოქალაქეები, სასულიერო პირები.

21 და 22 მარტს საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, ზუსტად 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.