„შენს ვიდეოებს ვკოცნო? რატომ არაფერი მაშველინე, ჩემო მიამიტო... ვის ჩავეხუტო, ვის აქვს შენი სუნი და სული?!“ - რას წერენ ქეთი ჯავახიშვილზე

ქეთი ჯავახიშვილი

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობიდან 1 კვირა გავიდა.  შვილის ცხედარი, მამამ 28 თებერვალს, დილით სახლთან ახლოს, ორმოში ნახა.

საქმის პროკურორის თქმით, მსგავსი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პრაქტიკაში არ ახსოვს. ახალგაზრდას ახლობლები გლოვობენ.

ქეთი, შენს ვიდეოებს ვკოცნო? რატომ არაფერი მაშველინე? ჩემო სიყვარულო, ჩემო სიტკბოვ, ჩემო ჭკვიანო და მიამიტო? ვინღა მითხრას, თამრო რა საყვარელი ხარ? რატო მასწავლე ამხელა სიყვარული და უთქმელად წახვედი.... ვის ჩავეხუტო, ვის აქვს შენი სუნი და შენი სული?

მაინც ვერ გემდური, ჩემო ნუკრო და შავთვალება, მადლობა, ამ დიდი სიყვარულისთვის, წადი უფალთან, ინეტარე, შენ ამას იმსახურებ. შენი დედიკო და ოჯახი როგორმე გააძლიერე, გვაჩვენე, რომ სიყვარულის კავშირი მართლა არ წყდება და სიკვდილი უძლურია სიყვარულთან... მშვიდობით, ჩემო საუკეთესოთა შორის საუკეთესო და ჩემო უდიდესო სიყვარულო, სიზმრებში მაინც მოდი.... დეიდა...“ - წერს ახლობელი.

მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ოთარ ცინდელიანი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, გვიან ღამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის მიმალვას სვანეთში ცდილობდა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 29 თებერვალს წარუდგინა. მას გამოძიება გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ბრალდებულმა 21 წლის გოგოს 59 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, რამდენიმე საათში, თავად გამოცხადდა პოლიციაში.

„შემთხვევა დაახლოებით ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა (28 თებერვალი). 19:21 წუთზე ეს ადამიანი სამეგრელოში დაიჭირეს. ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. ის თავად გამოცხადდა სამართალდამცავ დაწესებულებაში. მისი გამოცხადების მიზანი იყო, რომ იქნებ მართლმსაჯულება შეემსუბუქებინა.

ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა და ქურთუკი, რომლებიც სისხლითაა გაჟღენთილი, დანაშაულს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ასევე, სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი შარვალი.

ის, რომ გენდერული ნიშნით ჩაიდინა მკვლელობა, ეს მიუთითებს მის ფეთქებად ხასიათზე, სტერეოტიპულ აზროვნებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი ამოღებულია, მას ყველა მიმოწერა წაშლილი აქვს და ეს ამტკიცებს, რომ მტკიცებულებების განადგურებასაც ცდილობდა.

ბრალდების ფსიქიატრიულ მდგომარეობას ჩვენ აუცილებლად შევისწავლით, რათა კიდევ მეტ დეტალს მოეფინოს ნათელი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ასევე ნახეთ:

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

რას წერს ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ