„შემოსავლიდან 20%-ს უკრაინის მხარდასაჭერ ანგარიშებზე გადავრიცხავ" - რუსული კომპანიის "იანდექსის" თანამშრომელი

Yandex

"ჩემს "იანდექსის" ტაქსს "აღვჭურვავ" ანტისაოკუპაციო სიმბოლიკით, გავაკრავ უკრაინის დროშებს. მეტიც, "იანდექსი" მომსახურებიდან 10%-ს იღებს საკომისიოს, მე კი მიღებული შემოსავლიდან 20%-ს გადავრიცხავ უკრაინის მხარდასაჭერ ანგარიშებზე" - ასე ეხმაურება ტაქსის კომპანიის "იანდექსის" მძღოლი ზურა სირბილაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენეს - რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრას, საქართველოში მოწოდებას - "არა იანდექსს" და რუსულ აგრესიას. 

ზურა სირბილაძე წერს, რომ "იანდექსის" ტაქსის მძღოლობა არა არჩევანი, არამედ - თვითგადარჩენის საშუალებაა. 

"მე რუსული კომპანიის "იანდექსის" ტაქსის მძღოლი ვარ - ჩემი ძირითადი შემოსავალი სწორედ იანდექსიდანაა,
(აქვე რატომ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დავამატებ: "ბოლტის" სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ჩემი მანქანა).
მთავარ სათქმელზე გადასვლამდე კი სტანდარტული "იანდექსის" ტაქსის მძღოლის აზრების მოკლე ექსკურსი:

"... ახლა კი, "იანდექსის" ტაქსის მძღოლის პიროვნული ომის კავშირი უკრაინაში მიმდინარე ომთან: ზემოთ ამდენი იმის სათქმელად დავწერე რომ მეთქვა ის, რომ ბრძოლის ხაზი გადის იმ "სასჯელზეც", რომელშიც მეც და ჩემი მსგავსი მძღოლებიც მოიაზრებიან, რადგან იმისათვის, რომ გქონდეს თავისუფლება, უნდა გქონდეს ამის საბაზისო წინაპირობები, ანუ ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს სასჯელში.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შემოსავლის გარეშე დარჩენილი "იანდექსის" სტანდარტული მძღოლი, ვერ შეძლებს თავისუფლებასა და შესაბამისად წინააღმდეგობას, რადგან დღეს თავისუფლებაც კი ფული ღირს.
ზოგადად, სწორედ ამ პრიზმიდან უნდა ვუყურებდეთ ბოროტების იმ მთავარ ღერძს, რომლის მიხედვითაც თავისუფლებაც კი ფული ღირს, და არა შაბლონური  "არა იანდექსს" და მსგავსი მესიჯების პრიზმიდან, რადგან მთავარი არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ მაგალითად "იანდექსის" ტაქსის მძღოლობა არა არჩევანი, არამედ ზოგჯერ თვითგადარჩენის საშუალებაა.

და ახლა, მხოლოდ ამის გააზრების შემდეგ, ვწყვეტ რომ ჩემი ბრძოლის ველი განვავრცო და მეც ვიტყვი: კი რუსულ სანქციებს და არა რუსულ პროდუქციას, რადგან დღეს ომში ვართ და ეს ომი, თითოეული ადამიანის გულის ცემაზე გადის, რომელიც ისეთივე ძლიერი უნდა იყოს, როგორიც დღეს ზელენსკისა და უკრაინელი ჯარისკაცების გულებია.

ჩემი მხრიდან, როგორც ერთი სხეულიდან, მეც ვთვლი რომ უნდა ჩავერთო ომში - ადამიანი განსაცდელში, მერყევ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომ აზრი დაბადოს. დღეს კი ეს აზრი იბადება სწორედ ასეთი განსაცდელისგან და მე გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა იმ მეთოდს, რაზეც აქამდე მიქილიკია კიდეც;

ვგულისხმობ მაგალითად ანტისაოკუპაციო ნასკების სიმბოლიკებს, "ტანკ ნაზად" რიტორიკას და სხვებს, მაგრამ ახლა, ასე აღარ ვფიქრობ, რადგან სიმბოლოსთან შერწყმა საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ის, რაც ადამიანურად ან სხეულის კანონის მიხედვით, არ შეგვიძლია; რადგანაც სიმბოლო არის ნივთიერი მეტაფორა ცნობიერების თვისებების, მასში ჩადებული კოდისა.

შესაბამისად, ჩემს შემთხვევაში, გამოსავლად ახლა ის მესახება, რომ ჩემს "იანდექსის" ტაქსს "აღვჭურვავ" ანტისაოკუპაციო სიმბოლიკით, გავაკრავ უკრაინის დროშებს. მეტიც, "იანდექსი" მომსახურებიდან 10%-ს იღებს საკომისიოს, მე კი მიღებული შემოსავლიდან 20%-ს გადავრიცხავ უკრაინის მხარდასაჭერ ანგარიშებზე.

ეს, რა თქმა უნდა, პარადოქსია, მაგრამ გახსოვდეთ, როცა პარადოქსს წააწყდებით, ე.ი. გადატვირთვის დროა.
კი, შესაძლოა ეს ყველაფერი, ეს ერთგვარი გამოსავალი ამ შინაგანი წვიდან და პროტესტიდან შესაძლოა კომიკურად აღიქმება და უსუსურის გაფართხალებას ჰგავს, მაგრამ ამჯერად ჩემს ხელში იარაღად მხოლოდ ეს ჟესტი და სიმბოლიკები მეგულება. ამჯერად! და მთავარია რომ გულის ცემა იყოს ისეთი ძლიერი, რომელიც თუნდაც ტანკებსაც დაახევინებს უკან.

და შესაბამისად, კი, ტანკი ნაზად ბიჭო. სწორი და მართალი სიტყვებია, რადგან როგორც უკვე ვიცით, ერთმანეთთან არა მარტო ტანკები ომობენ, არამედ წრფელი გულები და ბოლოს სწორედ ამ გულებს შორის გაირკვევა ყველაფერი და გაიმარჯვებს ის, ვისი გულიც უფრო ძლიერია.

და ბოლოს, ცნობილი ფრაზის პერიფრაზირებით დავასრულებ: მანახე ვინ არის შენი მტერი, და გეტყვი ვინ ხარ შენ. კიდევ ერთხელ: მანახე ვინ არის შენი მტერი, და გეტყვი ვინ ხარ შენ! ანუ: დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში, ნაც-ქოცის დუალური დაპირისპირების პოლიტიკური დისკურსი სასწრაფოდ უნდა ამოიძირკვოს და დაპირისპირების კომპასი შესაბამისი ადრესატისკენ ერთიანად უნდა მიიმართოს - ვლადიმირ პუტინისკენ.

პირველ რიგში და ძალიან სწრაფად ამაში უნდა გამოვერკვეთ ჩვენ, როგორც სახელმწიფო. სინათლე აუცილებლად მოვა ჩვენთან." -  წერს "იანდექსის" მძღოლი.