„შეხედე, სიკვდილო, შეხედე და იამაყე... წუთისოფელო, წუთიც აღარ დარჩი... წამად იქეცი...“ - ახლობლები სვანეთში დაღუპულ ახალგაზრდებზე

დაღუპული

ახლობლები სვანეთში დაღუპულ ახალგაზრდებს ემშვიდობებიან. სვანეთში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული გიორგი ნიჟარაძეა, ხოლო, მეორე, გიორგი რატიანი.

„შეხედე, სიკვდილო, შეხედე და იამაყე... წუთისოფელო, წუთიც აღარ დარჩი... წამად იქეცი... თვალის გახელა და დახუჭვა, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა წამი გაუხადე ჩემს ძმებს, შეგრცხვეს!!! გეტყვი სიკვდილო, როგორი მხდალიც აღმოჩნდი... დღისით, მზისით ვერ შეჰბედე ჩემს მთასავით ძმებს, ღამით, უკუნეთ სიბნელეში გზად აადევნე შენი ანგელოზი, ზურგიდან მიაპარე... შეგრცხვეს!!! ღამევ, როგორ შეგეძლო და სიკვდილს როგორ შეუწყვე ხელი გზად გემუხთლათ და მახე დაგეგოთ ჩემი ძმებისთვის... შეგრცხვეთ!!!ბედისმწერალო, როგორ შეგეძლო ამ ტრაგედიის დაწერა, ნუთუ ხელი არ აგიკანკალდა, ნუთუ არაფერი ღირებული არ გატოკებულა შენს გულსა და გონებაში, როცა ამ საზარელ სცენარს წერდი.. შეგრცხვეს!!!

ენგურო, მარად მჩქეფარევ, შლეგო და დაუცხრომელო, როგორ აბანავე შენს ტალღებში ჩემი მთა ძმები, მათი უკანასკნელი ამოძახილი შენი ტალღების ხმაურმა შთანთქა.. იამაყე, რომ ეს ბედნიერება გხვდა წილად, შლეგო!!!
მიწავ.. როგორ შეგიძლია ჩემი მთა ძმები დაიტიო და უცვლელი ბინა დაუდო.. როგორ შეგიძლია.. ვერ შეძელი, ვერ გაუმკლავდი მათ ღირსეულ ცხოვრებას, წესიერებას, პატიოსნებას, სულიერ და ხორციელ აღზრდა-განათლებას, მათ კეთილ საქმეებს, მათ სიცოცხლით აღსავსე თვალებს და მზეღიმილებს.. ვერ გაუმკლავდი, ვერ აიტანე, მძიმე აღმოჩნდა შენთვის!!!

დროვ.. შენ არ ძალგიძს, არ შეგიძლია წაშალო ის მზიანი, ნათელი და ფერადი დღეები და წლები, რაც გვარგუნა განგებამ, რასაც ერთად ყოფნის ბედნიერება ჰქვია.. შენ ვერ შეძლებ ჩემს ძმებზე წარსულ დროში ვისაუბრო..
არც ის შეგიძლია ამ ტკივილს მოერიო, სუსტი ხარ..
ღმერთო.. ვერც შენ დაგიტია ცოდვილმა მიწამ და ვერც ჩემი მთა ძმები..
ვრწმუნდები, რომ სიკეთის და სიყვარულის ადგილი მიწაზე აღარ დარჩა და ზეცამ შეიფარა..
ერთს დედა დახვდება შენს სავანეში, მეორეს მამა.. ალბათ იმიტომ იჩქარეს იმ ქვეყნად წასვლა, რომ მიწა გაეთბოთ შვილებისთვის...

ანუგეშე უფალო, დედა და მამა, რომლებმაც შვილების დაღუპვით გამოწვეული ტკივილი იგემეს... ანუგეშე დედმამიშვილები, ახლობლები, მეგობრები, ანუგეშე ყველა, გვანუგეშე, უფალო...

სიკვდილო, იმდენად დიდებული და ამაღლებულია ჩემი საამაყო ძმების ხანმოკლე სიცოცხლე, რომ შენს რისხვას აღემატება. კიდევ იამაყებ? მხდალო! როგორ უნდა მეშინოდეს შენი, შეხედე ჩემს ძმებს და დაინახავ შენს უსუსურობას!!!

შენ შეუკვეცე ჩემს ძმებს ფრთები, მაგრამ ღმერთმა დაასაჩუქრა ისინი ქათქათა ფრთებით... მიწის ანგელოზები, ზეციურ ანგელოზთა დასს შეუერთდნენ...

შენ ვერასოდეს გაიმარჯვებ, სიკვდილო იმიტომ, რომ მხდალი ხარ და ადამიანს ზურგიდან ეპარები, ზოგჯერ სიბნელეში.. შეგრცხვეს!!!

და მაინც.. იამაყე სიკვდილო, რადგან უსაშველო ჭრილობისა და ტკივილის მიყენება შეგიძლია ადამიანისთვის, დაუნდობელო... თუმცა ვერასოდეს გაიმარჯვებ სიცოცხლეზე, შენ ვერ გაიმარჯვე ჩემს ძმებზე და მათ ღირსეულ, ხანმოკლე, მაგრამ დიდებულ ცხოვრებაზე!!!“,- წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭების ახლობელი. 

ასევე ნახეთ:

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

„უიღბლობასაც არ ჰქონია საზღვარი, იმაზე მეტად და მტკივნეულად ჩამწყდა გული, ვიდრე მაშინ...“ - რას წერს მესტიაში გარდაცვლილის ნაცნობი

„გიორგის ძაღლი ახლა...“ - რა ფოტოს აქვეყნებს კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი სვანეთის ტრაგედიაზე