„შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში...“- მეუფე ანდრია მამა ვიტალის წმინდანად შერაცხვის თაობაზე

მამა ვიტალი

„გარდაცვალების წინა დღეს, ხელით მანიშნა, რომ ფანჯარაზე ფარდები გადამეხსნა. ვკითხე, ვის ხედავთ - მეთქი. იგი მდუმარედ მიყურებდა, შემდეგ თავის ხელს ემთხვია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატზე მიმითითა. ხატი მივაწოდე და მან ყველა დაგვლოცა. შემდეგ ვკითხე, დედა ღვთისმშობელი მობრძანდა - მეთქი? მან თავი დამიქნია და ატირდა...", -  სქიმიღუმენია სერაფიმა მამა ვიტალიზე.

დღეს სქიმარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) გარდაცვალების დღეა. უკრაინელი წარმოშობის ბერი, 1992 წლის 1 დეკემბერს, ქ. თბილისში გარდაიცვალა.

მამა ვიტალის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში, ყოველ წელს, მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი იმართება.

მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს, 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. მასთან ხშირად სტუმრობდა უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

„თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ!“ - ასე გამოემშვიდობა ბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მამა ვიტალის ცხედარი, წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაასვენეს.

მიცვალებულს წესი, უწმინდესმა და უნეტარესმა, პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როცა მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი, ისევ შეკრა.

ერთი ნუგეშის სიტყვა დაუტოვებია: „მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო“, - ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა.

მამა ვიტალი ქ. თბილისში  ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მის საფლავთან, ყოველდღე, მრავალი მომლოცველი მიდის. სანთლებს ანთებს და თავიანთ გასაჭირს უყვება - თითოეულს სწამს, რომ წმინდა მამა, მათ თხოვნას შეასრულებს, გულმხურვალედ ლოცულობენ და მეოხებას სთხოვენ. 

სქიმარქიმანდრიტი მასთან მისულ ყველა ადამიანს ტკბილეულით უმასპინძლდებოდა, იგი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოწყალებას, ყველას მოუწოდებდა, ვისაც როგორ შეეძლო, გაეღოთ მოწყალება, ხშირად ამბობდა – „ყოველი სიკეთე უკან დაგიბრუნდებათ, ღმერთი მოგაგებთ უხვ წყალობასო“.

რამდენიმე ხნის წინ, „პრაიმტაიმი“ სამთავისის და გორის მთავარეპისკოპოსს მეუფე ანდრიას (გვაზავა) მამა ვიტალის მოღვაწეობაზე ესაუბრა:

მნიშვნელოვანი თარიღია, ეს დღე, მამა ვიტალის არა მარტო ხსენება, არამედ მწუხარებაც არის. ეს ურთიერთობა, დღემდე გაგრძელდა.

როგორც ღმერთმა ინება, ისე აღესრულა ყოველივე - რაც მთავარია, თავად მამა ვიტალი ხშირად ამბობდა, ღმერთს ვევედრები, წამიყვანოსო. 

- რატომ, ავადმყოფობის გამო?

ავადმყოფობის გამო არა, ამის მრავალი მიზეზი არსებობს - ადამიანები, რომელთაც შინაგანი სულიერი დიდი და წმინდა ცხოვრება გააჩნიათ, ამ წუთისოფელში ყოფნისას, ღმერთთან მისასვლელად ემზადებიან.

მათთვის, გარდაცვალება ტრაგედია არ არის, ეს ღმერთთან შეხვედრაა, რისთვისაც მამა ვიტალი, მთელი ცხოვრება მიისწრაფოდა.

ეს სიტყვები არ იყო გულგატეხილობის და იმედგაცრუების, ან ვინმეს მიმართ განაწყენების, ეს იყო სიტყვები, ღმერთთან შეერთების სურვილის.

ღმერთთან ახლო ყოფნის სურვილი, მან ყველა იმ ადამიანს გადასცა, ვისთანაც კონტაქტობდა და იცნობდა. ამ სურვილით, დღემდე მოვდივართ ღმერთის ძიებით.

შეიძლება არა იმ დონეზე აღვსილი, როგორც მამა ვიტალი იყო, მაგრამ ამ სურვილის მატარებლები, დღეს მის საფლავზე, მისი სულის მოსახსენებლად შეიკრიბნენ.

სინანული და სიმდაბლე - ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანია, რაც ადამიანმა უნდა სთხოვოს მას.

- მამა ვიტალი დიდად აფასებდა მის თანამებრძოლ მამა გაბრიელს სულიერ ბრძოლაში და ამბობდა - „გაბრიელ ბერი - უდიდესი ბერია“...

ამის შესახებ, მწირი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დიდ პატივს სცემდა წმინდა გაბრიელს. პირადად მასთან, არ მქონია ამ თემაზე საუბარი და ვერ გეტყვით.

- როდის იგეგმება მამა ვიტალის წმინდანად შერაცხვა?

გარდაცვალების წლებს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მამა ვიტალის მთელი ცხოვრება და სწავლება, მაჩვენებელია იმის, რაც მას გააჩნია და ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოების მხრიდან, მისი აღიარება და მის მიმართ დამოკიდებულება.

ყველამ ვიცით, რომ მამა ვიტალი, წმინდა ადამიანი იყო. დადგება დრო და ეკლესია აუცილებლად იმსჯელებს, მამა ვიტალის წმინდანად შერაცხვის თაობაზე.

ჯერ მხოლოდ, საუბრის დონეზეა,  მას აქვს თავისი ფორმები, კანონიკური განვითარების გზა - ამის დროც დადგება, როცა ღმერთი ინებებს!

როგორც ღმერთმა ინება, ისე აღესრულა ყოველივე - რაც მთავარია, თავად მამა ვიტალი ხშირად ამბობდა, ღმერთს ვევედრები, წამიყვანოსო! 

ყველამ ვიცით, რომ მამა ვიტალი, წმინდა ადამიანი იყო. დადგება დრო და ეკლესია აუცილებლად იმსჯელებს, მამა ვიტალის წმინდანად შერაცხვის თაობაზე.

ჯერ მხოლოდ, საუბრის დონეზეა, მას აქვს თავისი ფორმები, კანონიკური განვითარების გზა. ამის დროც დადგება, როცა ღმერთი ინებებს! 

შეგახსენებთ, რომ მამა ვიტალი (სიდორენკო) დაიბადა 1928 წელს. მისი დედა  ჯერ კიდე მისი მუცლად ტარებისას, ასე ლოცულობდა - „ღმერთო, ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადამიანებისთვისაცო“.

მან სიზმარში, ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა - საიდან ორი მზე? პასუხად ჩაესმა - „ერთი მზე შენს საშოშია”. რვა დღის ჩვილი ნათლობისას იღიმებოდა, ემბაზში კი ფეხზე დადგა.

სახლში დედას, ჩვილის აკვანთან ხშირად ესმოდა ანგელოზთა საოცარი გალობა. გადმოცემის თანახმად, ყრმა ვიტალი ხორცს საერთოდ არ იღებდა, ხოლო ოთხშაბათს და პარასკევს, რძესაც არ აკარებდა პირს. 

1969 წელს მამა ვიტალი  თბილისში ჩამოვიდა და ალექსანდრე ნეველის სახელობის  ტაძარში მივიდა 

მისთვის საქართველო ყოველთვის „წმინდა ივერია” იყო. სამოქალაქო ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს, ოთხივ კუთხით აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა.

აფხაზეთის ომამდე, რამდენიმე წლით ადრე, აფრთხილებდა გარშემო მყოფთ - „იქნება მიწაზე საშინელი სისხლის ღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით“. 

1992 წელს, ძმათამკვლელი ომის დროს, მამა ვიტალიმ გაამკაცრა მარხვა და ლოცვა. მთელ დღეებს, მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა. საღამოობით ანთებდა უამრავ სანთელს. მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეიტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს.

„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის!

რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“  - სქიმარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

მისი ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

 

+