შეიქმნება თუ არა სიბერის საწინააღმდეგო წამალი? - მეცნიერები უნიკალურ არსებას სწავლობენ

სიბერე

„უკვდავ მედუზას“ შეუძლია საკუთარი სიცოცხლის ციკლი უკან დააბრუნოს და კვლავ ახალგაზრდა გახდეს. მეცნიერები მისი უჯრედული მექანიზმების საიდუმლოს შესწავლას ცდილობენ, რათა მომავალში ადამიანის უჯრედების გაახალგაზრდავების გზებიც აღმოაჩინონ.

 პატარა, გამჭვირვალე მედუზა, სახელწოდებით Turritopsis dohrnii, საოცრად გამძლე არსებაა, რომლის მოკვლაც წარმოუდგენლად რთულია. ტეხასის A&M უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგმა მარია მილიეტამ მედუზები დაჭრა, ადუღებულ წყალში მოათავსა, აშიმშილა, მათ აკვარიუმებში მარილის კონცენტრაცია მკვეთრად გაზარდა და მტკნარ წყალშიც კი გადაიყვანა. მიუხედავად ამისა, ეს უჩვეულო არსებები ყოველ ჯერზე თითქოს სიკვდილს უსხლტებოდნენ.

არახელსაყრელ პირობებში მედუზები მოძრაობას წყვეტენ და აკვარიუმის ფსკერზე ეშვებიან. სწორედ ამის შემდეგ იწყება გასაოცარი პროცესი: ისინი უჯრედების გროვად გარდაიქმნებიან, რომელიც სრულიად განსხვავდება ზრდასრული მედუზის ქოლგისებრი სხეულისა და საცეცებისგან.

ერთიდან სამ დღეში უჯრედების ამ გროვიდან ვითარდება პოლიპი - მედუზის სიცოცხლის ციკლის ადრეული სტადია. პოლიპი თანდათან იზრდება და ქმნის კოლონიას, საიდანაც საბოლოოდ ახალი მედუზები წარმოიქმნებიან.

„ერთი მედუზისგან, რომელიც არ კვდება, წარმოიქმნება კოლონია, რომელსაც ასობით ახალი მედუზის წარმოქმნა შეუძლია“, - ამბობს ბიოლოგი.

თეორიულად, თითოეულ ახალ მედუზას შეუძლია იგივე პროცესის გამეორება და კვლავ ახალგაზრდულ მდგომარეობაში დაბრუნება. ამგვარად, მათ თითქოს უსასრულოდ შეუძლიათ საკუთარი ბიოლოგიური საათის უკან დატრიალება.

ამჟამად მილიეტა და სხვა მეცნიერები სწავლობენ გენეტიკურ და მოლეკულურ პროცესებს, რომლებიც მედუზას ამ უნიკალურ შესაძლებლობას განაპირობებს.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ მექანიზმების შესწავლა მომავალში ადამიანებშიც მსგავსი პროცესების გააქტიურების შესაძლებლობას გამოავლენს.

✕