შეიქმნება თუ არა ქართულ ბაზარზე პროდუქტების დეფიციტი - ნახეთ, ეკონომიკის მინისტრის განმარტება

პროდუქტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არც ერთი პროდუქტის დეფიციტი არაა და უკრაინის ნაცვლად, იმპორტი სხვა ქვეყნებიდან ხორციელდება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დეფიციტი არც ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით შეიქმნება, რომელიც, ძირითადად, რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოდის.

„პრობლემები რაც ომმა გამოიწვია, ეს არის ძირითადად ფასების ზრდა მიწოდების პრობლემებიდან გამომდინარე და გლობალურად ინფლაციას ამან შეუწყო ხელი, ანუ პანდემია გაგრძელდა ომით და ეს არის სამწუხარო.

რაც შეხება ფიზიკურ წვდომას პროდუქტებზე, ამის არანაირი პრობლემა არ არსებობს, არცერთი პროდუქტის მიმართულებით არც დეფიციტია და არც მოიაზრება, რომ რაიმე პროდუქტის შეფერხებით მიწოდება მოხდეს.

შეფერხება არ იქნება არცერთ სამომხმარებლო პროდუქტზე. არცერთი პროდუქტის იმპორტი საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს სხვა ქვეყნებიდან.

გვესმის, რომ უკრაინა ვერ იქნება ახლა მომწოდებელი, მაგრამ უკრაინის ალტერნატივა რეგიონში ძალიან ბევრია.

რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, ხორბალთან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ არის. ხორბალიც და ფქვილიც საქართველოში შემოდის ძირითადი ბაზრიდან საიდანაც შემოდიოდა, ეს იყო რუსეთი, მაგრამ ამას დაემატა ყაზახეთი.

გეოგრაფიიდან გამომდინარე, გვესმის, რომ რეგიონში ამ ორ ბაზარს აქვს კონკურენტული უპირატესობა ფასის კუთხით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.