საქსტატი: 2025 წელს პროფსასწავლებლებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 15.3 პროცენტით გაიზარდა

პროფესიული სწავლება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 191 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 140 საჯარო და 51 კერძო. საქსტატის ცნობით, 2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 19.7 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 53.7 პროცენტი ქალია, ხოლო 46.3 პროცენტი – კაცი.

სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 15.3 პროცენტით გაიზარდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (40.1%), შემდეგ მოდის აჭარის არ (19.3%), იმერეთი (11.5%), ქვემო ქართლი (10.0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (7.4%) და კახეთი (4.1%).

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 238 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.7 პროცენტი ქალია, ხოლო 64.3 პროცენტი – კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი – 50.4% ჩაირიცხა თბილისში.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 10.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 47.1 პროცენტი ქალია, ხოლო 52.9 პროცენტი – კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის მომსახურებების (23.1%), ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (21.4%) და ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (15.0%) პროგრამებზე.