საქპატენტში მომსახურების საფასურის გადახდის ახალი ელექტრონული სისტემა ამოქმედდება

საქპატენტი

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გადახდის ახალ სისტემას ნერგავს. მიმდინარე წლის 26 ოქტომბრიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ამოქმედდება მომსახურების საფასურის გადახდის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ერთდროულად რამდენიმე გადახდის სწრაფ და შეუფერხებელ დამუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების ოპერატიულობას.

ახალი სისტემის ფარგლებში, საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება საქპატენტის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში დაგენერირებული ინვოისის უნიკალური ნომრის გამოყენებით ინტერნეტ/მობილბანკის, სწრაფი გადახდის აპარატისა და ბანკის ოპერატორის მეშვეობით. ასევე, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საფასური საბანკო ბარათით პირდაპირ ელექტრონულ პორტალზე გადაიხადოს.

ახალი სისტემა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთ სივრცეში იხილოს მიმდინარე გადასახდელი ქმედებები, აირჩიოს ერთი ან რამდენიმე ინვოისი და განახორციელოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური გადახდა. გადახდის დასრულების შემდეგ შესაბამისი ინვოისების სტატუსი სისტემაში ავტომატურად განახლდება.

ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, გადახდილი თანხის დაბრუნება/გადამისამართება შესაძლებელი იქნება საქპატენტის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი მოთხოვნის დაფიქსირების გზით.

ახალი სისტემის მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ადმინისტრაციული პროცედურების კიდევ უფრო გამარტივება.

გადახდის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/296/ 

✕