დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ბავშვობაში გადახდენილ სახალისო ისტორიას იხსენებს.
კეკელიძის თქმით, საქორწინო კოსტიუმი მხოლოდ ერთხელ ეცვა და დიდი ალბათობით უკანასკნელად.
„საქორწინო კოსტიუმი მეცვა ერთხელ და ვფიქრობ, უკანასკნელად – ისიც მამაჩემის. ვიქნებოდი ასე მეცხრე-მეათე კლასში, როცა სოფელ ნატანებში, ტუნგოებში, ერთობ ჩვეულებრივი ამბავი მოხდა – გოგო მომეწონა. დასასვენებლად ჩამოსული. მეც დასასვენებლად ვიყავი, მაგრამ მე აგერ 18 კილომეტრის დაშორებით ვცხოვრობდი, ნესტორ კალანდარიშვილის ქუჩაზე და გოგო კიდევ მთლად თბილისიდან იყო, მგონი ვიღაც უფრო მაგარის სახელობის ქუჩიდან. ეგ კიდევ საქმეა მაშინ და გამოწვევა.
ამასობაში, უნდა მოგახსენოთ, რომ ივლისის მიწურულია, ხოლო ტუნგოები ნიშნავს სოფლის ბირჟას. საკუთრივ ტუნგი კიდევ ფოთოლმცვივანი გვარის ხეა, რძიანასებრთა ოჯახისა, გურიაში ტუნგოს უფრო ეძახიან და აქა-იქ შემორჩა. ზეთი მზადდებოდა მისი ნაყოფიდან ეთერ-ზეთებში. და შეიძლება საპონი. ეგ აღარ მახსოვს.
-კარგად უნდა გაიზმანო! – მითხრა რაფაელის მადონამ, რომელიც შემოსასვლელ ოთახში ეკიდა, კაჩალკის წინ. მე კაჩალკაზე ვიჯექი.
-კარგად, რაფერ? – ვეკითხები მადონას.
– რაფერ და ჭრელად! – მპასუხობს მადონას მაგივრად მანუჩარ მაჩაიძე, იგივე დიდი მანუჩარი კედლის კუთხეში გაკრული წიგნის ყდიდან.
– ჭრელად არ ივარგებს! – ამბობს მომაკვდავი ბახუსი და გაბაცებული რეპროდუქციიდან კიდევ უფრო მომაკვდავი სახით იყურება.
– პიჯაკი! – დიდაქტიკური ტონით თქვა დავით გურამიშვილმა, ოღონდ ნახატმა არა – წიგნმა.
– პიჯაკი! – წამოვიძახე მე.
ხოლო პიჯაკი მეგულებოდა ოზურგეთში, საგულდაგულოდ ჩაკეტილ კარადაში. მამაჩემის საქორწინო ტანსაცმელი და დედაჩემის სადედოფლო კაბა. ჯიბეებში ჩრჩილის აბებით და კვირაში ერთხელ გამზეურების პერსპექტივით. არ ვიცი რატომ ინახავდნენ ასე საგანგებოდ ამ სამოსელს. უფრო სწორედ, ვიცი და მთლად ზუსტად ვერ გამოვთქვამ. იმ თვალების გამო ხომ არა, ამ კარადის კარს რომ შეაღებდნენ და წამიერად თითქოს ტანსაცმელი კი არა, იშვიათი ჯადოსნური დღე გამოკეტეს და მომდევნო, დარდის და შრომის წყალში ყელამდე, თანაბრად მდგარ დღეებს განარიდეს. არ ვიცი.
მოკლედ, ოზურგეთში წავედი დილის პაზიკით, მამაჩემს ვთხოვე და დედაჩემისგან სრულიად უჩუმრად ჩავიცვი. გავიზმანე მადონა! ოღონდ ეგ იყო – საზაფხულო ძნელად ეთქმოდა იმ რუხ კოსტიუმს, ჩემებს ქორწილი ნოემბერში ჰქონდათ და შესაბამისად, ძალიან დამცხა. ჰო, სიმაღლით უკვე მამაჩემის ტოლი ვიყავი, ეგ სირთულე არ მქონია – მხოლოდ სიცხე. და ადეკვატურობა! – მეტყვით თქვენ. მაგრამ ოდეს ყოფილა მიჯნური კაცი ადეკვატური? – გიპასუხებთ გიორგი მერჩულე ჩემს ნაცვლად და მე ტუნგოებში გავალ. ეგრე. შარვალ-კასტიუმით. ცალკე ამბავია ოზურგეთი-ნატანების შუადღის ავტობუსის მგზავრების თვალები და ცალკე – ამ გოგოსი. ორივე მზერა სხვადასხვა კითხვას გულისხმობდა, ორივე კითხვა საიდუმლოა. გაუმხელელი!
მთავარი სცენა წინ არის; მოვიდა ილია. სამბორბლიანი მოტოციკლით. ეგ მოტოციკლი ახალ თაობას რომც ანახო, მაინც ვერ გაიგებს მის მნიშვნელობას, არათუ აღწერით. ვინც მოესწრო კიდევ, იმან იცის და მორჩა. სამბორბლიანი მოტოციკლი უნდა იცოდე. საკრალური ცოდნაა.
– ზღვაზე მივდივარ და რამდენიც ჩეეტევით, წამოით! – თქვა ილიამ.ილია ჩემი ნათესავია და ორი ადგილი მეკუთვნოდა მისაბმელში. ამიტომაც ის გოგო დავპატიჟე. წამოვიდა. კიდევ სხვებიც. ზოგი ტანზევით შიშველი, ზოგი – თითქმის შიშველი ტანზევით. ერთი მე ვიჯექი სქელ პიჯაკში, ქორწილის პიჯაკში და ბედნიერი სახით მივდიოდი ზღვაზე დიდებული კაბრიოლეტით. სახელდახელოდ მიმაგრებული მაგნიფოტონიდან Snow გალობდა Informer-ს და ჩვენ ვაყოლებდით ქართულად: ,,ალეკოს ბომბავს ლია!”ვინმეს უნდა გადაეღო ეს სცენა. მაშინ უნდა გადაეღო. ახლა ბაცი გამოვა. რადგან სიყვარული ყოველთვის არის მაშინ, როცა არის. მერე სიყვარული ყოველთვის იქცევა ფრაზად – ,,ვერ გეტყვით, ეს ნამდვილი სიყვარული იყო თუ არა”. – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.