პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე, 39 წლის ასაკში, საბერძნეთში გარდაიცვალა. მარიკუნას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
მარიკუანს ძმამ, „უმცროსმა“ გია ფერაძემ მასთან ერთად ფოტოც გამოაქვეყნა.
გთავაზობთ მარიკუნას ძმის, გიორგი ფერაძის ინტერვიუს გაზეთ „პრაიმტაიმის“ არქივიდან. ინტერვიუში იგი იხსენებს, თუ როგორ გაიცნო პირველად მარიკუნა და რა რეაქცია ჰქონდა.
„ბიძაჩემმა მითხრა, როცა ჩაგეხუტე, შენი კისრიდან ჩემი ძმის სუნი ვიგრძენიო. კისერი ხომ პულსაციისა და ფლუიდების ადგილია. ბიძაჩემს მაგრად რომ ჩავეხვიე, ჩვენი გენი თითქოს შეერთდა. საშინლად ღელავდა, განიცდიდა, გაგიჟებული იყო. მითხრა, შენ გადი პირველი, აბა, თუ გიცნობენო. ნინკა და მისი ქმარი ვიცანი, მაგრამ, მათ გარდა, კიდევ 15 ადამიანი იდგა. მსახიობები, მამას მეგობრები... მთელი აეროპორტი მე მელოდა... თოჯინასავით მატრიალებდნენ აქეთ-იქით, მეხვეოდნენ, მკოცნიდნენ. და ყველა ერთს გაიძახოდა - ვაიმე, როგორ ჰგავს გიას!
23 ივლისს სამეფო უბნის თეატრში მისი და მერაბ თავაძის თაოსნობით შემოქმედებითი საღამო მომიწყვეს, სახელწოდებით „დაბრუნება". იქ იყო ყველა, ვისაც მამა უყვარდა, მეგობრობდნენ, ერთ სცენაზე გამოდიოდნენ, კურსელები. მეხუტებოდნენ - ჩვენი გია დაბრუნდაო, ტიროდნენ, ემოციებისგან, ბედნიერებისგან ცრემლებს ვერ იკავებდნენ. გიაა, მაგრამ რუსულად რატომ ლაპარაკობსო. ეს კოპირება არ არის, ეს გიაა, მაგრამ უკეთესი ვარიანტი, რადგან უფრო მაღალიაო. აქამდე არ ვიცოდი ჩემსა და მამას შორის ასეთი მსგავსება თუ იყო. მე მისი ფოტოები მქონდა ნანახი, სადაც უკვე შედარებით ასაკში იყო. აქ რომ ჩამოვედი და 25 წლის გიას ფოტოები ვნახე, გავოცდი! ეს იყო შოკი! მე ჩემს ფოტოებს ვუყურებდი. სხვა სიტყვებით როგორ გადმოვცე ჩემი განცდა, არ ვიცი.
რამდენიმე სიმღერა ვიმღერე. დედა დარბაზში იყო, მამა ყველგან - მთელ თეატრში. 16 წელია, რაც ის აღარ არის, მაგრამ მისადმი ველური და შეშლილი სიყვარული დღემდე ცოცხლობს ხალხში".
„ორივეს ღაპაღუპით ჩამოგვდიოდა ცრემლები"
საღამოს შემდეგ ბანკეტი გაიმართა. გიასთან ნინკა მივიდა და ჩასჩურჩულა, წამოდი, და უნდა გაგაცნოო.
„ყოველთვის მინდოდა, და მყოლოდა, ყველაზე დიდი ოცნება იყო. დედას რომ ვეუბნებოდი, თავი დამანებე, შენთვის ვერ მიმიხედია, ახლა კიდევ დაო. ისევ ბიჭი რომ გამიჩნდეს, თავი ჩამოსახრჩობი მექნებაო. ნინკამ რომ მითხრა: წამოდი, და გაგაცნოო, დავიწყებული მქონდა, და რომ მყავდა, ემოციებისგან გათანგული ვიყავი, დაცლილი და დიდი ოდენოდით ალკოჰოლური სასმელი უნდა მიმეღო და თავდაუზოგავად მემხიარულა. ცეკვა მომინდა, თავს ვიწყნარებდი, ჯერ კიდევ საღამოა და მოასწრებ-მეთქი. ამ დროს და! გამოვდივარ ქუჩაში, არავინაა. მანქანის ფარები ანთებულია და კარი იღება. გადმოდის ქალი, ულამაზესი, ფერაძეებისთვის დამახასიათებელი „ღირსებებით" და... პირველი, რაც ვთქვი: რა სამწუხაროა, რომ ჩემი და ხარ-მეთქი. რა ვქნა, ასეთი რეაქცია მქონდა. მან „ხულიგნურად", ავტორიტეტულად მომმართა: „პრივეტ, ბრატუშკა" (ვგიჟდები, მარიკუნა რუსულად რომ მელაპარაკება). საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ერთ სუფრას ვუსხედით მე, მარიკუნა, ბიძინა და ნინკა. და რას მეუბნებიან: გია, მადლობა, რომ შეგვკრიბე, ჩვენ არასდროს ერთ სუფასთან არ ვმსხდარვართო. გავგიჟდი. შარდენზე ვისხედით და ადგილზევე გამოვშარდენდი:) ყველაზე უმცროსმა შევკრიბე ოჯახი და იმედი მაქვს, ამით ბედნიერება მოვუტანე ჩვენს ოჯახს.
გია ფერაძე:
„იცით, საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა რამ გადამაწყვეტინა? ამ საოცრებამ, ჩემმა დამ. ის საჩუქარია. ახლა უკვე, როგორ ხარო, რომ მეუბნებიან, ვპასუხობ: ღვთიურად-მეთქი. არ ვხუმრობ. მე აქ უნდა ვიცხოვრო. მამას საფლავზე რომ მივდიოდით, მანქანაში ვისხედით, სხვადასხვა მიმართულებით ვიყურებოდით, ხელი ჩაკიდებული გვქონდა და ორივეს ღაპაღუპით ჩამოგვდიოდა ცრემლები. მე ვგრძნობდი, როგორ დუღდა მარიკუნას შინაგანი სამყარო. იმ წამს ჩვენ ღრმა და ნამდვილი გრძნობა გვაერთიანებდა. მერე მამის საფლავზე ვისხედით და სულიერად გავიწმინდეთ.
მარიკუნას საყვარელი ადამიანი ახლა ციხეშია. ჩემსავით ხმაურიანი და ემოციური მარიკო ჩემთან შეხვედრამდე გამოთიშული იყო სამყაროს, არსად დადიოდა. ახლა 180 გრადუსით შემობრუნდა. მე არ ვიცნობ სიძეს, მაგრამ ჩემი და, რომელსაც მე ქალის ეტალონად მივიჩნევ, თუ ასე განიცდის ქმრის მდგომარეობას, წარმომიდგენია, რა კაცია ის. მე მინდა მარიკუნა ბედნიერი ვნახო. თბილისში გადმოვალ, თუნდაც მეეზოვედ ვიმუშაო, მაგრამ მას შევუმსუბუქო ეს სიმძიმე. მას ჩემი ჩამოსვლით ეს ყოფა ხომ შევუმსუბუქე? მერე რა, რომ ჩემი კარიერა იქ თეატრში ზენიტისკენ მიდის, აქ უფრო მაღლა წავალ. აქამდე არ ვიცოდი, ვისზე და რაზე მელოცა. უკვე ვიცი. გულმა სრულყოფილად ფეთქვა დაიწყო. მე ვიცი, რომ ეს სიყვარულია და მისთვის ბევრი უნდა გავაკეთო. ის უნდა ვკვებო. ამის დაკარგვა არ მინდა. მარიკუნას ხმის ტემბრი მომწონს. რომ ლაპარაკობს, რაღაც მენთება. როცა მე მელაპარაკება, ტონალობას იცვლის. ეს მათბობს. მერე რა, რომ საერთო „პილიონკებში" არ გავზრდილვართ, ერთ ჭერქვეშ არ გვიცხოვრია? ერთმანეთთან უკვე უკომპლექსოდ ვართ. პირველად ღამე თეთრად გავათენეთ, ათას რამეზე ვილაპარაკეთ. უკვე უხილავ კავშირსაც ვამყარებთ ერთმანეთთან. სიგარეტს ვიყიდიო, მითხრა და ისე წავიდა, დამავიწყდა, ლუდი რომ დამებარებინა. უცებ მარიკუნა ლუდით დაბრუნდა და მომცა: „ბრატუშკა, ლუდი წამოგიღეო".