საქართველოში, გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორობის სურვილი 1 000 მოქალაქეს აქვს გაცხადებული - ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია

დონაცია

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ ახლო ნათესავთა გარკვეული წრისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად ან "დონორთა გაცვლის პროგრამაში" მონაწილეობის შემთხვევაში. 2015 წლიდან დონორი შეიძლება ასევე გახდეს ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირი, მაგალითად მეგობარი, ნათლია და სხვა.

დონორობა უფასო, ნებაყოფლობითი, ალტრუისტული ქმედებაა და ორგანოს ან ქსოვილის გაცემაზე თანხის ან სხვა რაიმე მატერიალური საზღაურის მიღება საქართველოში არსებული კანონმდებლობით კრიმინალურ ქმედებად ითვლება და თავისუფლების აღკვეთით 8-იდან 15 წლამდე ისჯება.

საქართველოში პირველი გადანერგვის ოპერაცია 1977 წელს შესრულდა და ეს იყო თირკმლის გადანერგვა. 2023 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 575 გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა, მათგან ყველაზე მეტი 447 თირკმლის ტრანსპლანტაციაა.

ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ ცოცხალი დონაცია მოქმედებს და გვამური დონაცია განვითარებული არ არის, თუმცა 1000 მოქალაქე აცხადებს თანხმობას გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორი გახდეს.

ამისთვის მოქალაქეს შეუძლია საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკში მისვლით დარეგისტრირდეს ან ონლაინ განაცხადოს თანხმობა.

„მათ გადაეცემათ დონორის ბარათი, სადაც წერია სახელი, გვარი, პირადი ნომერი. საკმაოდ გაიზარდა საქართველოში მათი რიცხვი, ვისაც აქვს სურვილი დონორი გახდეს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო 100,150,200, 250, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, რასაც ვუკავშირებ მასმედიის აქტიურობას, 1000-მდე ავედით. ეს რა თქმა უნდა 4 მილიონიანი ქვეყნისთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ უკან არიან ამდენივე ადამიანი, ვინც იცის, რომ ვიღაცას აქვს დადებითი განწყობა დონაციის მიმართ. რეესტრში 1000 ადამიანი ფიქსირდება, თუმცა ყველას არ აქვს აღებული ბარათი. ისინი უფრო მეტად ახალგაზრდები არიან“, - აცხადებს #რედაქტ2-თან ინტერვიუში საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გია თომაძე.

მისი თქმით, ერთ ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნება 8 ადამიანისთვის შეუძლია.

„გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნო სიცოცხლე. ორგანოებმა შეიძლება მინიმუმ 8 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ორი არის თირკმელი, ღვიძლი, ფილტვი, გული, ნაწლავი. 10-იც შეიძლება გამოვიდეს, რადგან ღვიძლი შეიძლება ორად გაიყოს, ასევე პანკრეასი

საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა დევიზია: „ნუ წაიღებთ თქვენს ორგანოს საიქიოში, საიქიომ იცის, რომ ის ჩვენ გვჭირდება აქ“.

საქართველოში, ჯერჯერობით, არც ერთი შემთხვევა არის გარდაცვლილის ორგანოების გამოყენებით განხორციელებული“, - აცხადებს თომაძე.

შეგახსენებთ, გასულ თვეში პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც აწესრიგებს ადამიანის ორგანოების მკურნალობის მიზნით გადანერგვის საკითხებს და ადგენს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხის, უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს.

დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და ნებაყოფლობითი. პირს შეუძლია წინასწარ, სიცოცხლის განმავლობაში განაცხადოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული თანხმობა სიკვდილის შემდეგ ცალკეული ორგანოს ან ორგანოების უანგარო დონაციაზე გადანერგვის მიზნით, თუმცა ამისთვის ის დონორთა ეროვნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთან, გარდაცვლილის ორგანოს დონაციაზე თანხმობის გაცხადების უფლება აქვთ ნათესაური კავშირში მყოფ პირებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქალი, რომელიც ძაღლებმა დაკბინეს, კლინიკაში გარდაიცვალა (საბერძნეთი)

სახელმწიფომ პატარა ლაზარეს ოპერაცია სრულად დაუფინანსა - ოზურგეთის მერი

კურო და ტყუპები - ვის რაში გაუმართლებს დრაკონის წელში და ვის ელის ყველაზე რთული 2024? - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი