1791316484
საქართველოში, დაახლოებით, 200 ათასი დოზა უფასო, 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, წელს საქართველოში დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო, 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება, რომელიც 3-კომპონენტიანია და მოიცავს 2 „ა“ ტიპის (მისურის და დარვინის შტამები) და 1 „ბე“ ტიპის (ტოკიოს შტამი) კომპონენტს.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის აქტიურობის პიკს დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში უნდა ველოდოთ.
„მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონი იქნება იმ სტატისტიკის ფარგლებში, რაზეც მრავალწლიანი მონაცემები მიუთითებს. ნოემბერში დაიწყება გრიპის შემთხვევების მატება, ხოლო დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისი შესაძლოა, იყოს გრიპის აქტიურობის პიკი.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის სეზონი ნაკლებად აქტიურია გასული 2 წელთან შედარებით - ნაკლებია მიმართვიანობა პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.
რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს. თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას დავეყრდნობით, ყველაზე მეტი წილი მოდის რინოვირუსზე, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 60% რინოვირუსით არის განპირობებული. ეს ნიშნავს, რომ მიმართვიანობა ფოკუსირებულია პირველად ჯანდაცვაზე და არა სტაციონარზე. ასევე ფიქსირდება იმ ტიპის ვირუსების მომატებული რაოდენობა, რაც მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის დაავადებას იწვევს. ეს არის - ე.წ. ძველი კორონავირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი. ბოლო კვირების განმავლობაში, სტაბილურად ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც.
ერთადერთი ქვეყანა სადაც ფიქსირდება გრიპის ადრეული აფეთქება და გრიპის ვირუსის ადრეული დასაწყისი, ეს იაპონიაა. გრიპის ვირუსი აგვისტოში დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიმდინარე სეზონი იქ გამორჩეულია. ამას, არანაირი გავლენა არ გააჩნია საქართველოზე არც პროგნოზულად და არც რეალური ზემოქმედების თვალსაზრისით. რადგან ქვეყანაში გრიპის შემთხვევები არ არის მომატებული და არც მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, მოლოდინი გვაქვს, რომ გრიპის სეზონი წელს სტანდარტულად იქნება ისეთივე, როგორიც წინა წლებში იყო. ჩვენთან, ნოემბრიდან იწყება გრიპის გავრცელება. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისი ითვლება ვაქცინაციის იდეალურ პერიოდად. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. რისკ ჯგუფებს ( 65 წლის და უფროსი ასაკის პირები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პირები).
როგორც წესი, ვაქცინა შემოდის ოქტომბრის თვეში და იგეგმება დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო ვაქცინის შემოტანა, რაც ქვეყნისთვის სავსებით საკმარისია“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ამასთან, განმარტა, თუ რატომ არის საჭირო გრიპის ვაქცინა ყოველ წელს.
„მოცირკულირე გრიპის შტამები ყოველ წელს განსხვავებულია. გასულ წელს „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი სჭარბობდა, 2 წლის უკან „ა“ ტიპის. გრიპის ვაქცინა არ განაპირობებს 1-წლიან დაცვას. გრიპის ვაქცინას დაცვის უნარი 6-8 თვის განმავლობაში აქვს საუკეთესო შემთხვევაში. წელს, ვაქცინის შემადგენლობა 100%-ით განახლებულია. 3-კომპონენტიანი ვაქცინა ნიშნავს, რომ ჩვენ წელს გვექნება შესაძლებლობა მოსახლეობას შევთავაზოთ გრიპის საწინააღმდეგო დაცვა და ამ ვაქცინაში შევა 2 „ა“ ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ერთი „ბე“ ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს „ა“ გრიპის მისურის შტამი, ა ტიპის დარვინის შტამი და ტოკიოს შტამი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.










