1766244815
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.
გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა.
„ეროვნული გვარდია თავისი საამაყო ისტორიით, სახელმწიფოსადმი ურყევი ერთგულების ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა. მინდა, ეროვნული გვარდიის იუბილე მივულოცო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა ვეტერან გვარდიელს - იმ მეომრებს, რომლებმაც წლების მანძილზე საკუთარი შრომით, ცოდნითა და გამძლეობით, მომავალი თაობებისთვის გვარდიის შემდგომი განვითარების მტკიცე საფუძველი შექმნეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით, ასევე, მიმართა და იუბილე მიულოცა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ.
საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, როგორც ვეტერან გვარდიელს, ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, რომან ჯოხაძემ სპეციალური სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები კი უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, „თეთრი გიორგი“ დაჯილდოვდნენ. მათ, ასევე, გადაეცათ საშტატო იარაღები და სამკერდე ნიშნები - „ღირსეული გვარდიელი“. თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ეროვნული გვარდიის განვითარების, აღმშენებლობის, საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე მედლით - „თეთრი გიორგი“ დააჯილდოვა.
ღონისძიებას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.
გვარდია იყო პირველი სამხედრო შენაერთი, რომლის ბაზაზეც შემდგომში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. დღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის ამოცანას თავდაცვის ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება, საბრძოლო ოპერაციებისას მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, საომარი და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს.











