„თითქმის შეუძლებელია, მომხმარებელმა გაარჩიოს...“ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მოსახლეობას ხორცის შეძენის შესახებ აფრთხილებს

ხორცი

ხორცის ყიდვისას ადამიანები ძირითადად მის ფასს აქცევენ ყურადღებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს ნამდვილად მაღალი ხარისხის და ძალიან სუფთა.

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას ხშირად მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის, ხორცპროდუქტებისა და კვერცხის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები პროდუქტების შენახვის პირობები.

„რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა, განაცხადა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება მომხმარებლებმა პროდუქციის შეძენისას.

„საახალწლო პერიოდში ყველაზე მეტად ხდება ცხენის ხორცის რეალიზაცია, წლის განმავლობაში ბუმი არის ეს პერიოდი ცხენის ხორცის რეალიზაციისთვის. საქონლის ხორცს ჰგავს ყველაზე მეტად ცხენის ხორცი და ძირითადად, საქონლის ხორცის სახელით რეალიზაცია ხდება. თუ დაიდება დახლზე და გამყიდველი იტყვის, რომ ეს არის ცხენის ხორცი, მას არავინ იყიდის. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფალსიფიკაციასთან, რაც პირდაპირ მომხმარებლის უფლებების დარღვევა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა.

ძალიან ძნელია მომხმარებელმა გაარჩიოს, ხორცი ცხენის არის თუ საქონლის, თითქმის შეუძლებელია. არსებობს რამდენიმე წესი, მაგალითად ამბობენ, რომ ცხენის ხორცს განსხვავებული ნეკნის ფორმა აქვს, მაგრამ შესაძლოა, ნეკნი სულაც არ იყოს რეალიზაციაში. ამასთანავე, ეს მხოლოდ ძალიან გამოცდილმა ვეტერინარმა შესაძლოა, გაარჩიოს. 100%-იანი სიზუსტით დადგენა მხოლოდ ლაბორატორიას შეუძლია. თუ ბეჭედი აქვს ხორცს დარტყმული, ის 100-დან 99%-ის შემთხვევაში ცხენის ხორცი არ იქნება, რადგან ბეჭედს არტყამს სახელმწიფო ვეტერინარი და ის ცხენის სახელით არ გამოუშვებს საქონლის ხორცს.