საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს

შოთაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელებული კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ოთხდღიანი ტრენინგი, რომელშიც პროკურორები, შსს-ს, სუს-ის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები მონაწილეობდნენ დასრულდა. 
ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილეები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. გენარალური პროკურორის განცხადებით ამერიკელ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა ახალი რეკომენდაციები ციფრული აქტივების მოძიების და ამოღების მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო იქნება პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის კიბერდანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით კრიპტოვალუტის ამოღების სპეციალური დანაყოფი შეიქმნება.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს.მისი თქმით, ტრენინგისთვის შერჩეული იყო საუკეთესო ექსპერტთა ჯგუფი და მათ თავისი პრაქტიკა და გამოცდილებ მონაწილეებს გაუზიარეს.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხაზი გაუსვა მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით.

გენერალურ პროკურატურაში ოთხდღიან ტრენინგს აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის და გამოძიების ფედერალური ბიუროს კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში ექსპერტები - ენდრიუ ჟიგიელსკი, კრისტოფერ ვონგსი, ტომ დოგჰერტსი და ნიქჰილ ბჰაგატსი უძღვებოდნენ.

კრიპტოვალუტის  დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ვირტუალური აქტივების დანაშაულებრივი გამოყენება, ვირტუალური აქტივების მოძიება და ამოღება, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი, კიბერდანაშაულის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო ღონისძიება იგეგმება.