საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაცია, ვიზიტი ლიეტუვასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მიმდინარე განვითარების თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ქართული მხარის მონაწილეობით შეხვედრები გაიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეროვნულ გადამხდელ სააგენტოში, ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მონაცემთა ცენტრში, სოფლის მეურნეობის სააგენტოში და სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურში, მემცენარეობის სამსახურში, ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნულ მიწის სააგენტოში.

შეხვედრებზე მხარეებმა ლიეტუვას სახელმწიფო უწყებების მუშაობის სპეციფიკაზე, ფუნქციებსა და საქმიანობაზე იმსჯელეს. ლიეტუვას წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. პოლიტიკის ფორმულირების ეტაპზე, ხაზი გაესვა ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო სისტემების გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას. მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირის ბაზრის საერთო ორგანიზების (CMO) კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის მნიშვნელობაზეც. აღინიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მზად უნდა იყოს განახორციელოს ბაზრის მარეგულირებელი მხარდამჭერი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამის ინსტიტუციურ მოწყობასა და მონაცემთა ბაზების გამართულად მუშაობას.