საქართველოს ბანკსა და "Fruit Consulting“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკსა და "Fruit Consulting“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სექტორში ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ბანკმა, სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით საკონსულტაციო კომპანია „Fruit Consulting“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის მიზანია ქვეყანაში აგრო ინდუსტრიის გაჯანსაღება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყობა მასტერკლასები და დარგის ექსპერტები კონსულტირებას გაუწევენ საქართველოს ბანკის პარტნიორ ბიზნესებს. ეს კი ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, სამაცივრე მეურნეობების მოწყობებისა და მართვის მიმართულებით კომპეტენცია გაზარდონ.  

ინფორმაციისთვის, Fruit Consulting 2015 წელს იტალიაში, სამხრეთ ტიროლში, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ვაშლის მწარმოებელ რეგიონში დაარსდა. კომპანიის დამფუძნებელ და მმართველ პარტნიორს, პატრიკ ტერზერს სამაცივრე და შესანახი ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და მართვაში 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. Fruit Consulting სპეციალიზებულია სამაცივრე მეურნეობების დაგეგმვის, ტექნიკურ ანალიზისა და პერსონალის გადამზადების მიმართულებით. კომპანია მრავალ ევროპულ ქვეყანაში მუშაობს. ადგილობრივი აგრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით კი, ახლახან ოფისი საქართველოშიც დააფუძნა.

„მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს ბანკთან, რომელიც მაღალი სტანდარტებით მუშაობს და რეალურად ზრუნავს პარტნიორ ბიზნესებსა და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე. ჩვენი მიზანია, სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით მიმდინარე და მომავალი ინვესტიციები იყოს ტექნიკურად გამართული, ეფექტიანი და გრძელვადიანად წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები სწორად დაიგეგმოს და იმართოს კვალიფიციური ადამიანების მიერ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ცოდნის გაზიარებასა და გადამზადების პროგრამებს. ჩვენ გვინდა, ქართულ აგრარულ სექტორში მოვახდინოთ იმ საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრირება, რომელმაც შედეგიანად იმუშავა ევროპაში. საქართველოს ბანკის ჩართულობა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს, რომ ერთის მხრივ, ეს პროექტები არა მხოლოდ წარმატებული, არამედ მდგრადი გახდეს, რაც დამატებით ღირებულებას შეუქმნის მთლიან სექტორს, მეორეს მხრივ კი - ქვეყანაში აგრო სექტორი უფრო სტაბილურად და კონკურენტუნარიანად განვითარდეს“, - განაცხადა „Fruit Consulting”- ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, პატრიკ ტერზერმა.

„საქართველოს ბანკი ბიზნესებს ყოველთვის მთლიან ღირებულებათა ჯაჭვის კონტექსტში განიხილავს. ბანკის მიერ მხარდაჭერილი მრავალწლოვანი კულტურების პროექტები დაახლოებით 10 000 ჰექტარს მოიცავს, სადაც ძირითადად პირველადი წარმოებაა წარმოდგენილი. მეტი ღირებულების შესაქმნელად ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ მოსავლის აღების შემდგომი პროცესები და ხელი შევუწყოთ გადამამუშავებელი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებას. „Fruit Consulting“-თან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ეს არის იტალიური კომპანია, რომელიც მრავალი წელია ევროპის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს.

მიმაჩნია, რომ მათი ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მასტერკლასებსა და ქონსალთინგ სესიების ჩატარებას ვგეგმავთ, რაც ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, გაზარდონ კომპეტენცია და უფრო ეფექტიანად განავითარონ ბიზნესი”, - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.