საქართველოს ბანკის, WM-ისა და SOLO-ს ორგანიზებით კოკა რამიშვილის გამოფენა გაიხსნა

გამოფენა

საქართველოს ბანკი WM-თან და SOLO-სთან ერთად საინტერესო კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, 10 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მხატვარ კოკა რამიშვილის გამოფენა „სიცარიელე, როგორც მოტივი“ გაიხსნა.  გამოფენა  2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენა „სიცარიელე, როგორც მოტივი“ წარმოადგენს სიცარიელედან, დეკონსტრუქციიდან, სინათლისაგან და ფერისაგან გამოსახულების პოეტური ფორმირების პროცესს. გამოფენა მულტიდისციპლინარულია და გამოყენებულია, როგორც ფოტო, ვიდეო და ინსტალაცია, ასევე, ფერწერული ნამუშევრები. საგამოფენო სივრცის გათვალისწინებით და სიცარიელის თემის გამოსახატად, ხელოვანის შემოქმედებაში ნამუშევრები სპეციალურად მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდიდან შეირჩა. ზოგიერთი ნამუშევარი, როგორც „უკანასკნელი გალერეა“ ან „ორფეუსის წერილი ევრიკიდეს“ 1987-1991 წლების ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

„კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე რეფლექსურობით გამოირჩეოდა, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. მისი ყველა პროექტი თანმიმდევრულად ვითარდება. კონცეპტუალურად გამართულია და პერფექციონისტული სწრაფვითაა შესრულებული. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის,“- ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხათუნა ხაბულიანი.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ასეთ საინტერესო გამოფენას. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების უმრავლესობა, რომლებმაც სახელი გაითქვეს ისეთი ქვეყნების გამოფენებში როგორიცაა: ინგლისი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, უნგრეთი, საქართველოში არასდროს ყოფილა წარმოდგენილი და ქართველ დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, ისინი თბილისში იხილოს.  წინ ძალიან საინტერესო გამოფენა გველის.

კოკა რამიშვილი არის არტისტი, რომელიც ხელოვნებისა და პიროვნული საზღვრების შენარჩუნებით, ფერისა და სინათლის გამოყენებით სიცარიელეს აქცევს ხილულ, ცოცხალი შემოქმედების საფუძვლად“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ცნობისთვის, კოკა რამიშვილი თბილისში დაიბადა, რომელიც ჟენევაში ცხოვრობს და მუშაობს. მის მიერ გამართულ რჩეულ გამოფენათა სიაში შედის: სოლო შოუები - „დამოუკიდებელი ორგანიზმი II“; „აეროლენდი“; „გამოსხივება“; „დახვრეტილი ეკრანი“; გალერეა „არტრა“ და სხვა.

კოკა რამიშვილმა საქართველო ვენეციის ბიენალეზე წარადგინა. მის მიერ მოპოვებული ჯილდოებია: ირენ რეიმონდის ფონდის პრიზი (ლოზანა, შვეიცარია, 2014) და ქალაქ ჟენევის მუნიციპალიტეტის გრანტი შემოქმედებითი პროცესების მხარდასაჭერად (ჟენევა, შვეიცარია 2013).