საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორის ცენტრში სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

სავაჭრო ცენტრი

საქართველოს ბანკი რეგიონებში პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია  „ვაკა თრეიდი“ გორის ცენტრში გეგმავს გახსნას სავაჭრო ცენტრი. შენობა 4 სართულზეა განთავსებული და მოიცავს სურსათის მაღაზიებსა და ფინანსური მომსახურების სივრცეს, ქართული და სწრაფი კვების სამი სახის რესტორანსა და ღია სივრცეს. ასევე, სათამაშოების, ტანსაცმლისა და პარფიუმერიის მაღაზიებს. მათ შორისაა ტერასაც. პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ ლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 2 მლნ ლარია.

„სავაჭრო ცენტრის მისიაა, შექმნას ქალაქ გორში მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი, სადაც არა მხოლოდ უცხოელ, არამედ ადგილობრივ სტუმრებსაც ექნებათ შესაძლებლობა,  იშოპინგონ ან გამართონ საქმიანი შეხვედრები. ასევე, სასიამოვნოდ გაატარონ დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. სავაჭრო ცენტრის ფართობი 5 000 კვ.მ-მდეა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა ბრენდული მაღაზიების წარმომადგენელებთან“, - განაცხადა სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშვილმა.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გვერდში დავუდგეთ ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და მუდამ განვითარებაზე ფიქრობს. გორში სავაჭრო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.