საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს

საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, 1948 წლიდან აღინიშნება. სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება და მასში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.

ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს ბათუმში  მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

სპორტული აქტივობების სია კი ასე გამოიყურება:

1. მძლეოსნური გარბენი;

2. ქვიშის ფრენბურთი;

3. ქვიშის ჭიდაობა;

4. ქვიშის ფეხბურთი;

5. ქვიშის რაგბი;

6. ჭადრაკი;

7. მაგიდის ჩოგბურთი;

8. ველოსპორტი;

9. კარატე;

10. კანოე.

სპორტული აქტივობები 10:00 საათიდან, ბათუმის ზღვისპირა პარკის, პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე შემდეგ სახეობებში დაიწყება: ქვიშის ფრენბურთი, ქვიშის ჭიდაობა, ქვიშის ფეხბურთი, ქვიშის რაგბი. ძველ ბულვარში ჩატარდება შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, შეჯიბრება კანოეში ნურის ტბაზე. კარატისტები კი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იასპარეზებენ.

11:30 საათზე ბათუმის ზღვისპირა პარკის პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქვიშის სახეობების სპორტულ მოედნებთან) სტარტს აიღებს ველოგარბენი, 12:00 საათზე კი მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი გაიმართება. ორივე გარბენი (დისტანცია: 2-2,5 კმ)  ანბანის კოშკთან დასრულდება.

ოლიმპიურ მძლეოსნურ გარბენში და ველო გარბენში მონაწილეთა რეგისტრაცია  10:00 საათიდან დაიწყება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები, ასევე სპორტსმენები აჭარის რეგიონიდან.

ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

ღონისძიების ორგანიზატორია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სეოკ-ის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია. მხარდამჭერები არიან - საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სპორტული ორგანიზაციები.

ღონისძიების პარტნიორები არიან - სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. ასევე ,,ავერსი“ და ,,თელიანი ველი“.